გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის ივნისამდე იკავებდა, პრემიერის თანამდებობაზე ის მამუკა ბახტაძემ შეცვალა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2018 წლის ივნისში დატოვა. მთავრობის მეთაურმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) 2017 წლის კვლევები გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. UNICEF-ის ექსპერტებმა ამის მიზეზად ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, უმუშევრობა და სამომხმარებლო ფასების ზრდა დაასახელეს. იმ დროს მმართველმა გუნდმა კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად სწორედ ეს კვლევა დაასახელა.
კობახიძის გამარტებით, კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო არა სიღარიბის შესახებ UNICEF-ის კვლევა, არამედ მისი დამოკიდებულება ბანკებთან.
„ჩვენ ბანკებთან მიმართებით უფრო მეტი ეფექტურობა გვჭირდებოდა. საბანკო პოლიტიკის კუთხით რაღაცები იყო შესაცვლელი და გამოსასწორებელი და მამუკა ბახტაძის ინიციატივებმა ამ მიმართულებით ბევრი რამ შეცვალა. არსებობს პარტიის შიდა სამზარეულოც და დეტალებში შესვლა ახლა აღარ ღირს, ვინაიდან დიდი დრო არის გასული. გარკვეული შიდა დისკუსიები პარტიის შიგნითვე უნდა დარჩეს. დასამალი არაფერია, უბრალოდ მიზანშეწონილი არაა – არც ერთ პარტიას თავისი შიდა სამზარეულო საჯაროდ არ გამოაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, სიღარიბის კუთხით ოცნების ხელისუფლების დროს მდგომარეობა არათუ გაუარესდა, არამედ გაუმჯობესდა.
„რაც შეეხება სიღარიბეს და ბავშვთა შორის სიღარიბეს, აქ რეალურად უკეთესი მაჩვენებლები არის ერთი და მეორე მიმართულებით. ჩვენ გვინდოდა მეტი ეფექტურობა ბანკებთან მიმართებით. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არსებითად დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო UNICEF-ის დასკვნიდან გამომდინარე დისკუსია, რომელიც ამტკიცებდა იმას, რომ საბანკო პოლიტიკის კუთხით რაღაცები იყო შესაცვლელი და გამოსასწორებელი”, – განაცხადა მან.
თანამდებობის დატოვებისას კვირიკაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების” მმართველ გუნდთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. მისი სიტყვებით, საუბარი ეხებოდა მისი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა. პრემიერის თანამდებობაზე ის მამუკა ბახტაძემ შეცვალა, რომლის პრემიერობის დროს მთავრობამ მიიღო საბანკო რეგულაციები, რომელიც 2019 წლის იანვარში შევიდა ძალაში.
“სპუტნიკი”