მზისგან დამწვრობის ნიშნები და სიმპტომებია:
* ვარდისფერი ან წითელი კანი;
* კანი, რომელიც შეხებისას თბილი ან ცხელია;
* ტკივილი, მგრძნობელობის მომატება ან ქავილი;
* შეშუპება;
* პატარა, სითხით სავსე ბებერები, რომლებიც შეიძლება, გასკდეს;
* თავის ტკივილი, ცხელება, შეციება;
* მწვავე დამწვრობის შემთხვევაში დაღლილობა.
მზისგან დამწვრობა შეიძლება, განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მათ შორის ყურის ბიბილოებზე, სკალპზე და ლოყებზე. ზოგიერთი ტანსაცმელი ატარებს ულტაიისფერ სხივებს, რის გამოც დამწვრობა შეიძლება, დაფარულ კანზეც განვითარდეს. თვალები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერ სინათლეზე. თვალებზე მზის დამწვრობას ძლიერი ტკივილი ახასიათებს.
მზის დაკვრაზე ეჭვის მიტანისთანავე აუცილებელია დაზარალებულისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ექიმის მოლოდინში დაზარალებულს არ უნდა დაალევინოთ ცივი წყალი (ის აძლიერებს, აღრმავებს ციებ-ცხელებას), კომპრესებიც არ უნდა იყოს ცივი, არამედ გრილი. საშუალო სიმძიმის დამწვრობისას, გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, ადამიანმა რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოს. გარდა ამისა, აუცილებელია:
* გრილი კომპრესები. შეგიძლიათ, დაზარალებულს, უბრალოდ, დაუსველოთ ტანსაცმელი, რომ დაუქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და შეუმციროთ ტკივილის შეგრძნება;
* დაზარალებულს შეუძლია მიიღოს გრილი აბაზანა საპნისა და სხვა დასაბანი საშუალებების გარეშე, რადგან მათი გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს კანის გაღიზიანებას. აბაზანის მიღების შემდეგ არ შეიძლება, კანის საგულდაგულოდ გამშრალება – ტრავმირება. საკმარისია ზეწრის მსუბუქად მიდება კანის ოდნავ შესაშრობად;
* შეიძლება, დამატენიანებელი და დამარბილებელი ლოსიონის ან კრემის წასმა, თუმცა მანამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან, რადგან ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს ბენზოკაინს, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს. კრემებისა და საცხების დიდი ნაწილი კი აფერხებს კანის შეხორცებას, უწყვეტს რა მას ჟანგბადის მიწოდებას;
* ბუშტუკებით დაფარული უბნები სასურველია, დოლბანდის საფენით დაფაროთ (გადაიხვიოთ), რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის შეჭრა;
* ძლიერი დისკომფორტისას შეგიძლიათ, მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.
კანის სრულად გამოჯანმრთელებამდე მოერიდეთ მზის სხივებს, მათ შორის, ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივებსაც კი და თუ მაინც გიწევთ მზეზე გასვლა, დამწვარი ადგილი აუცილებლად დაიფარეთ.
თუ დამწვრობა აქვს ბავშვს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან მათი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მძიმე დამწვრობის ნიშნებია: კანზე წყლულების გაჩენა ან შეშუპება (ედემა), ციება, მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38 გრადუსი ან უფრო მაღალი. 5 წლამდე ბავშვებისთვის – 37.5 გრადუსი ან უფრო მაღალი, ასევე, თავბრუ, თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება.
“თბილისელები”