აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში ჯანმო განახორციელებს დამატებით აქტივობებსაც, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს.
საქართველომ კორონავირუსის პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან (ჯანმო) დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
15 ტონა ტვირთი ევროკავშირის დელეგაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.
კერძოდ, ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმოს ძალისხმევით, საქართველოსთვის 1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალება შეიძინეს. მათ შორის, 5 ათასი სახის საფარი, 13,2 ათასი დამცავი სათვალე, 30 ათასი საიზოლაციო ხალათი, 1 მლნ სამედიცინო ნიღაბი და 328 ათასი რესპირატორი.
„ეს ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო. ის განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. ეს დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს, უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ“, – აცხადებენ ევროკავშირის მისიაში.
პირადი დამცავი საშუალებები ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხრა რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4,2 ათას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე გადანაწილდება.
„ეს დახმარება ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უწევს“, – აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა ვინსენ რეიმ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში როგორც ევროკავშირის, ასევე ჯანმოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
„აღნიშნული 15 ტონა ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუციაა, რაც საქართველომ ამ რთულ პერიოდში მიიღო. აღნიშნული დახმარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სწორედ იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავად არის განკუთვნილი, ვისაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამავე მხარდაჭერის ფარგლებში ჯანმო დამატებით აქტივობებსაც განახორციელებს, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს, ასევე ჯანდაცვის სექტორის მზაობის და უკეთესი რეაგირების შესაძლებლობების ზრდას.
ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 მლნ ევროს (დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ევროკავშირმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად.
“სპუტნიკი”