ესპანეთი ირწმუნება, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის უსაფრთხოა

ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად არის კონტროლს დაქვემდებარებული და იგი კვლავინდებურად უსაფრთხოა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ესპანელი მოქალაქეებისთვის.

ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მადრიდის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ლონდონის გადაწყვეტილება ესპანეთის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთიდან ბრიტანეთში ჩასული მოქალაქე სავალდებულო კარანტინს გაივლის.

ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც წინასწარი გაფრთხილების გარეშე იქნა გამოცხადებული, მედიის ცნობით აღაშფოთა ტურისტები და გადამზიდავები.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ და ტურისტებისთვის საზღვრების გახსნამ, ვირუსის გავრცელების ახალი კერები გააჩინა. ზოგიერთ რეგიონში შეზღუდვები კვლავ დაწესდა. ფაქტობრივად, ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე სავალდებულო გახდა შენობებსა და საჯარო თავყრილობების ადგილას პირბადეების ტარება.

ამ დროისთვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 272 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 28 400 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: ghn.ge