ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობდა და მათ რიცხვს ერთი დაემატა.
„ეს ერთი შემთხვევა არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და სულ გვყავს 41 დადასტურებუი შემთხვევა. პაციენტების მდგომარეობა კი ასეთია: ორი მძიმე პაციენტი გვყავდა. მათი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა სტაბილურია და დღეს შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშაულოზე მსუბუქია, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”