„მე არ მინდა ასეთი ვითომ „საქართველო“- ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ჩალაბაშვილთან

ჩვენს უაღრესად გართულებულ და მრავალი შეუსაბამობის შემცველი ყოფის პირობებში, როდესაც ხალხს ასე გაუჭირვეს არსებობა ოლიგარქებმა და ნეოფაშისტებმა, ამის არდანახვა და სწორად არშეფასება – ეს მარტო სიბეცე და სიბრიყვე კი არა, პოლიტიკური დანაშაულია საზოგადოების წინაშე.

 

წამიერად შევაჩერებ „ალიას“ მკითხველის ყურადღებას. უკვე მერამდენე ინტერვიუ ჩამივარდა საზოგადოებისთვის ტელეეთერიდან ცნობილ სახეებთან. ჯერ დამთანხმდნენ და მერე უარი მითხრეს. მიზეზი: პოლიტიკაზე ლაპარაკი არ გვინდაო. ამას მეუბნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ტელეეკრანებს არ სცილდებიან და მუდმივად საზოგადოებრივ ცხოვრებაში არიან ჩართულ-ჩაგვირისტებულნი.  ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ დღეს თუ არ უნდათ საუბარი, ხვალ მაინც მოუწევთ ალაპარაკება. ასე რომ, მათ სახეებს კვლავ ვიხილავთ ტელეეკრანებზე და გაზეთის ფურცლებზეც შესაბამის დროს პოლიტიკური მონაწილეობით.
„ალიას“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ილიას საგურამოს, გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.

-ბატონო თემურ, ქვეყანაში, ამ უმძიმეს პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ვითარებაში, არც ხელოვნების მოღვაწეთა, არც სამეცნიერო ინტელიგენციის და აღარც მწერლებისა და პოეტების ხმა არ ისმის. მოსწონთ ასეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობა?

-ქვეყნის სიყვარულს თუ პოლიტიკა ჰქვია, მაშინ რაღა არის სიცოცხლე? ილიაზე დიდი ხელოვანი ვინ იყო, სამშობლოს ფილტვებით რომ სუნთქავდა. სულ ახალგაზრდა მწერალმა „ოთარაანთ ქვრივის“ შემდეგ მწერლობაზე ხელი აიღო და მთელი სიცოცხლე ქართველი ერის სამსახურს მოახმარა. 17 წლისა იყო, როცა ყვარლის მთებს დაემშვიდობა. რა იყო ეს, თუ არა სამშობლოს მიმართ თავგანწირვა? ილიაობას არავინ იბრალებს, მაგრამ როგორ შეიძლება შემოქმედმა ადამიანმა შორიდან უყუროს სამშობლოს ნაცარტუტად ქცევას და საკუთარი ხალხის ასე დაბეჩავებას? მწერლის ხმა უნდა ისმოდეს და ყველა მწერალი იმას უნდა ფიქრობდეს, რომ საქართველო რუსთაველზე დიდია. ხელჩაქნევამ დაღუპა ქვეყანა. პარლამენტს და მთავრობას ვეკითხები: ბოლოს და ბოლოს, რას ფიქრობენ? სხვის შეცდომებზე და დანაშაულზე ეს გაუთავებელი ლაპარაკი ისე, რომ არც ასამართლებენ ამ დანაშაულებების ჩამდენთ, რა არის? რა საინტერესოა, დამნაშავეებზე ლაპარაკობენ და დამნაშავეებს არ სჯიან. ეს უშველის ქვეყანას? როცა მიშას რეჟიმს ვეჭიდავებოდი და მართალ სიტყვას ვამბობდი, ჩემი მეუღლე მაფრთხილებდა, თემურ, სანამ სახლში მოხვალ, ვიღაცას 500 დოლარს გადაუხდიან და სიცოცხლეს გამოგასალმებენო. მადლობა უფალს, გადავრჩი.

გავიდა წლები, შეიცვალა პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი, ადამიანებმა შეცვალეს ადამიანები, მაგრამ რა, განა, უკეთეს დღეში ვართ? როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანი მკვლელების რეჟიმს მისტიროდეს? მე ჩემი კალმით ვერკინებოდი იმ დროს, მაგრამ ასე თუ ისე, ინტელიგენტ ხალხში  ვტრიალებ და ვინმემ გულზე ხელი დაიდოს და თქვას, პატიოსან და იმ მშრომელ ადამიანებს რით შეუმსუბუქდათ ცხოვრება, დამნაშავეებს ხელი რომ დააფარეს და აქეთ რომ გვიქნევენ თითებს და ამ ვითომ არჩევნების გზით ისევ მოსვლა რომ უნდათ? ჩემს განწყობას ერთი ჩემი ლექსით გამოვხატავ:
„ვცხოვრობ უფლის განაჩენით,
მწამს ღმერთი და სულიწმინდა,
სხვა -ჯანდაბას დანარჩენი,
ქვეყნის გადარჩენა მინდა“.
ჩემი ასაკის კაცს სხვა რა უნდა მინდოდეს. მე არ მინდა ასეთი ვითომ „საქართველო“!!!

-ბატონო თემურ, სიმართლე უნდა ითქვას, მგონი, სადავო არ არის ის, რომ  ეს უბედურება, რაც თავს დაგვატეხეს, რაც გვჭირს და რაც მომავალში დაგვემართება,  ანტიკონსტიტუციური გადატრიალების ბრალი არ არის? რაც ტირან შევარდნაძისა და მისი კლანის დამსახურებაა. ფაშისტი სააკაშვილიც შევარდნაძემ მოგვიყვანა, მიუხედავად იმისა, სუბიექტურად ეს უნდოდა თუ არა. „ოცნებამ“ ამ კლანებისა და კლიენტების გაცოცხლება დაიწყო, ასე არ არის?

-რა თქმა უნდა, ასეა. ვინც ჩემს ბავშვობაში სიმდიდრეში იყო, ისევ ისინი არიან კიდევ უფრო მდიდრები. როგორ ახერხებენ? ღმერთმა კარგად ამყოფოთ, მაგრამ დანარჩენმა საქართველომ ყველა დროში რა დააშავა? საქართველოს დღევანდელ უმძიმეს ვითარებას შევარდნაძემ და მისმა გარემოცვამ ჩაუყარა საძირკველი, მაგრამ ერთი კაცი მარტო ვერაფერს გახდებოდა. მას გარშემო ყოველთვის ჰყავდა სამშობლოს მოღალატეებისა და ხალხის მტრების ხროვა.   მათი ხელით ქმნიდა ამ უბედურ ცხოვრებას. ასე რომ, ტყუის ის, ვინც მარტო შევარდნაძეზე ლაპარაკობს და არაფერს ამბობს მისი გარემოცვის დიდ და პატარა მტაცებლებზე. ახლა ზოგიერთები, მისი კლანის წევრები, უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიან სტუდენტებს. საინტერესოა, რა უნდა ასწავლონ? შევარდნაძეს თავისი დამკვრელები ჰყავდა და დღესაც იმ საყვირით უკრავენ, უკვე ათეული წლებია, ისევ ეს ბანდა და მათი შთამომავლობა ცხოვრობს ფუფუნებაში. ახლა უნამუსოდ იძახიან, აკაკი ჩხაიძე შეიძლება „ოცნების“ ახალ სახედ მოვიდესო, ასეთი „უმწიკვლო წარსულის“ კაცი.

გავიხსენებ ერთ ეპიზოდს. მე და ჩემი მეგობარი, ფიროსმანის მუზეუმის დამაარსებელი და შემდეგ დირექტორი, ანზორ მაძღარაშვილი, აკაკი ჩხაიძეს ვეახლეთ. ჟურნალ „ფიროსმანის“გამოსაცემად 1000 ლარი ვთხოვეთ. მან უარით გამოგვისტუმრა. სად მაქვს 1000 ლარიო. იგი სულ მალე დააპატიმრეს და მერე მილიონები გადაიხადა თავისუფლების სანაცვლოდ. ასეთ კორუმპირებულებს უშვებდა ჯალათი მიშა ციხიდან და ბავშვებს პურის და ძეხვის მოპარვისთვის წლობით ციხეში ამწყვდევდა. აკაკი ჩხაიძის მაშინდელი საქციელი არ გამკვირვებია. მერე მისი შემცვლელი, რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია 2012-ში, როცა რეჟიმი შეიცვალა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა საქართველოდან, ნუთუ, ცარიელი ჯიბეებით? მაშინ, როცა აკაკი ჩხაიძემ მილიონები გადაუხადა ნაცებს. მამუკა ბახტაძეც რკინიგზიდან აფრინდა პრემიერის სკამზე, თუმცა მალევე ჩამოფრინდა. ამას იმიტომ ვყვები, რომ აინტერესებთ კი ამ „პერსონებს“ ქართული კულტურა?! ახლაც ქერის ორმოა რკინიგზა და დარწმუნებული ვარ, იგივე ხდება. ალბათ, აკაკი ჩხაიძემ ისიც არ იცოდა, რომ მსოფლიოს ყველა დროის  უდიდესი მხატვარი ფიროსმანი მატარებლის გამცილებლად მუშაობდა. მას ისეთი რუსულით ჰქონდა დაწერილი განცხადება შვებულებასთან დაკავშირებით, ჩხაიძისნაირებს არც კი დაესიზმრებათ.

მართალია, ზოგიერთი მკვლევარი ფიროსმანზე კი წერს სამარცხვინოდ, თავისი დაბადების წელი არ იცოდაო, ამ დროს ფიროსმანმა სამყაროს შექმნის თარიღი იცოდა. ჩვენ მაინც გამოვეცით ჟურნალი „ფიროსმანი“. ყველამ კარგად უნდა იცოდეს ის, რომ საქართველო მსოფლიოს პირველად ფიროსმანმა გააცნო და ფიროსმანის მუზეუმს რომ ფუნქციონირება დაეწყო, ამისთვის ბრძოლას ორი წელი მოვანდომე. დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი სასამართლომ აღადგინა. ამ ადამიანმა ათასობით ექსპონატი შემოინახა. უნდა აღვნიშნო ადვოკატ ალექსი გაბუნიას ღვაწლი. მან ზედმიწევნით კარგად შეასრულა თავისი პროფესიული მოვალეობა. სახელმწიფოს ვეკითხები, ფიროსმანის მუზეუმი თვალსაჩინო ადგილას არ უნდა იყოს? განა, უპრიანი არ იქნებოდა, იქ, სადაც გია ჯოხთაბერიძემ შუა რუსთაველზე მუზეუმი გახსნა და აპარტამენტები მოიწყო, იმ ადგილზე ფიროსმანის მუზეუმი გაეხსნა. ჯოხთაბერიძე გაჭირვებული მხატვრებისგან მუქთად ყიდულობს სურათებს. აი, როგორ ესმის კაპიტალისტს კულტურაზე ზრუნვა.

-ბატონო თემურ, სიტყვამ მოიტანა და ფიროსმანს ისეთი ტილოებიც აქვს შექმნილი, სადაც გადაუხურავი სახლები აქვს დახატული. ფიროსმანი მარტო დიდი მხატვარი კი არა, დიდი მოაზროვნეც იყო და მან ერთი საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა და ალეგორიულად მიუთითა, რომ უჭერო სახლებში, ხალხს არც ეკონომიკური, არც სოციალური და არც პოლიტიკური სახურავი არ ექნებოდა და სრულიად დაუცველი იქნებოდა შიმშილისგან, გაჭირვებისგან და ავადმყოფობისგან. ამ ურთიერთმონაცვლე პოლიტიკური სისტემის ხელში ქვეყანა პოლიტიკური რეჟიმების გამო სახურავების გარეშე დარჩა, რადგან ეს შავბნელი ძალები მორიგეობით ცდილობენ ერთმანეთს ჩაენაცვლონ. რას იტყვით ამაზე?

-მე, ფიროსმანზე შეყვარებული ადამიანი, ბედნიერი ვარ იმით, რომ იმ კუთხის შვილი ვარ, სადაც ფიროსმანი დაიბადა – ქიზიყის.   ყველა დაეთანხმება იმ აზრს, რომ ფიროსმანი მე ღმერთად მიმაჩნია და ღმერთს კი სანთელს უნთებენ. „უჭერო სახლები“? თქვენ რა სწორად გაამახვილეთ ყურადღება ამ ტილოებზე. ახლა ისეთი შთაგონება მაქვს, რომ ამ თემაზე ალბათ ლექსების ციკლსაც კი შევქმნი. ისეთ ასაკში ვარ, მაგ თემას ჩემი ასაკის კაცის აზროვნება სჭირდება. აქვე მინდა, ამ კითხვას პასუხი გავცე. იერუსალიმში ყოფნის დროს ერთმა ქრისტიანმა არაბმა მეუფემ თქვა: რუსთაველის ფრესკებს რომ თვალებს თხრიან, რა გაუხდა სახელმწიფოს მისი დაცვა? რა გახდა, რომ ამისთვის 10 000 გაიღონ, რომ დაიცვან. ონში რომ სინაგოგაა, აბა, იქ ვინმემ ჩაიდინოს ასეთი ვანდალიზმი. მაშინ საქართველოს მთავრობას ისრაელის მთავრობა სულ მუხლის ჩოქებზე ატარებს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, გაასამართლეს თუ არა ის ვანდალები, რომლებმაც ჯვრის მონასტერში დააზიანეს რუსთაველის ფრესკა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ამ ფაქტით? ისრაელში, ჯვრის მონასტრის ეზოში, სადაც ქართული კუთხეა, ჩვენებური ქვევრი გვქონდა წაღებული, ამოვთხარეთ მიწა და ქვევრი ჩავდეთ, ქართული ღვინო ჩავასხით. ამაში გიორგი ანდრიაძის დამსახურება დიდია. იქ მყოფი მეუფე ანანია ტიროდა.

-ბატონო თემურ, მოგიმრავლდათ ფსევდოპოეტები და ფსევდომწერლები. ბევრი მწერალთა კავშირის წევრობას არაშემოქმედებითი მიზნებისთვის იყენებს და მაყუთის კეთებაზეა გადასული. ამოჩრილი აქვთ უხარისხო წიგნები, რომელსაც ყოველ თვე გამოსცემენ. ერთმა უნიჭიერესმა პოეტმა ლაშა გახარიამ ისე დაასრულა მისი სიცოცხლე, რომ ერთი წიგნი ვერ გამოსცა. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ქველმოქმედმა ბადრი პატარკაციშვილმა მის საიუბილეოდ ლაშა გახარიას ლექსების კრებული გამოსცა. რატომ ხდება ასე?

-რომ არაფერი დაეწერა ნიკო ლორთქიფანიძეს, მარტო „თავსაფრიანი დედაკაცი“ ეყოფოდა. მე იმ ფუნქციონერ მწერლებზე და პოეტებზე რა ვილაპარაკო, სამ-სამი მანქანა რომ ემსახურებოდათ და ემსახურებათ. ერთმა მითხრა, პირველად ვნახე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 20 ნომერი ავტობუსით რომ დადიოდესო. მე ვუპასუხე, თუ არ ივლი და, ან წყალს გაყვები და ან 20 ნომერს-მეთქი. მინდა ჩვენს პარლამენტს და მთავრობას ვუთხრა. შეიძლება დღეს არ გვყავს გალაკტიონები, ლეონიძეები, მაგრამ რუსთაველის საიუბილეო წელი ისე უჩუმრად და უხმაუროდ ჩაატარეს, იგივე გააკეთეს იაკობ გოგებაშვილთან მიმართებაში, ვითომ არაფერი. როცა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ირაკლი აბაშიძე იყო, რუსთაველის 800 წლისთავთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო აზეიმა. ეს სამოციანი წლები იყო.

-ბატონო თემურ, ადრე იწერებოდა იმ ფაქტზე, როდესაც თურმე, გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის პარტიული, ადმინისტრაციული, საბჭოთა კავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები, გენერლები, უცხოეთის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი და აკადემიკოსმა ირაკლი აბაშიძემ საზეიმო სხდომა გახსნა ამ სიტყვებით: „დიდება ღმერთს, ამ დღეს რომ მოვესწარითო“. ეს იყო ქართველობის ტრიუმფი. დღეს ვითომ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ნეოლიბერალები, ეს სულით მახინჯები, ენებს ასავსავებენ საბჭოთა მწერლობაზე და პოეტებზე, გაგანია კომუნიზმის შენების ხანაში კაცმა ეს გაბედა. აბა, გაგანია კაპიტალიზმის დროს გაბედოს და ღმერთზე ჭეშმარიტად ილაპარაკოს და არა გაიძვერულად. აი, მაშინ ნახავთ, როგორ ამოგლეჯენ ენას ასეთ ადამიანს ნეოლიბერალები და ნეოკონსერვატორები.

-რაღა ვთქვა, სწორი შეფასებაა.

-ბატონო თემურ, თქვენი ოჯახი როგორ ცხოვრობს დღეს? არის ქვეყნები, სადაც რიგით ემიგრანტს შეუძლია სოციალური დახმარებით უკეთესად იცხოვროს, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მწერალს, პოეტს, მეცნიერს, პროფესორს, ხელოვანს და ა.შ.

-ჩემი ოჯახი ცხოვრობს ისე, როგორც ერთი რიგითი ქართული ოჯახი. ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა, რა არის, მამა, როცა ყველი გვაქვს, კარაქი არ გვაქვს, როცა კარაქი გვაქვს, ყველი არ გვაქვს. არ ვწუწუნებ, მაგრამ ეს ტრადიცია ჩემს ოჯახში დღესაც გრძელდება. ჩვენ მარტო მწვანილით და პურ-ღვინითაც გამოვხატავთ დიდ სიყვარულს სტუმართან. იყო წლები, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს ჩემს ოჯახში დღე-ღამე გაუთენებიათ. მეზობლები გვეუბნებოდნენ, კიდევ იმღერეთო. მე ვფიქრობ, რომ სწორედაც ჩემი სიღარიბით ვარ მდიდარი. წუწუნისგან ღმერთმა დამიფაროს. ეროვნულ გზას რომ გულგრილად ვერ ჩავუარე და ქართული სუფრის ერთგული ვარ დღემდე, ეს ეპოქის ჭუჭყში დაუსვრელი კაცის – ბატონი თენგიზ არჩვაძის დამსახურებაა, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს.

-ბატონო თემურ, როგორ შეაფასებთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რაც ამასწინათ გაახმოვანა ახალგაზრდა სპორტსმენის მკვლელობასთან დაკავშირებით. ვაჟკაცობა ერთი-ერთზე ვიციო. მერე, აქეთ შემოგვიტია, მიმახინჯებთ ნათქვამს, ქართული არ იცითო. საფრანგეთის მეფემ ჰენრიხ მესამე ვალუამ მეთექვსმეტე საუკუნეში აკრძალა დუელი და საქართველოს პრეზიდენტს შემოაქვს? აი, ამ ფაქტზე მწერლები და პოეტები არ უნდა დუმდნენ. ქართულ მწერლობაზე და პოეტობაზე პრეტენზიის მქონენი იმდენი არიან, რომ მათი სახელი ლეგიონია. ჰოდა, ასეთ პრეზიდენტს ხშირად „სუფრული ზვიადიზმის“ წარმომადგენლები დღეს სიყვარულს ეფიცებიან. მათ მინდა შევახსენო ერთი ფაქტი, როცა საქართველოს დევნილი პრეზიდენტი 1992 წლის შემოდგომაზე ევროპაში ჩავიდა, საფრანგეთის მთავრობამ ქართულ სათვისტომოს შესთავაზა დევნილი პრეზიდენტი საფრანგეთში მიეწვიათ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა და პრეზიდენტი საფრანგეთში ვერ ჩავიდა…

-აფერუმ, სალომეს!… მეც მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც შემძრა. ერთი ერთზე, ჯგუფური არაო, განაცხადა. ერთი ერთზე რა, ე.ი. ქართველებმა ერთმანეთი დახოცონ? მე მთელი გულისტკივილით გავისიგრძეგანე ეს ტრაგედია. რაც დრო გადის, პრეზიდენტის საქციელი საჩინო ხდება. ხომ შეიძლება გაყუჩდე მაინც, მე ამას ვურჩევდი. დიდი ილია ტყუილად კი არ ამბობდა, მოყვარეს პირში უძრახეო. იმ პირველი პრეზიდენტის მეხოტბეებს კი დიდი სირცხვილი! რა კარგი ტერმინი დაამკვიდრეთ – „სუფრული ზვიადიზმი“.

ბატონ თემურ ჩალაბაშვილთან ინტერვიუ უკვე დასრულებული მქონდა, როცა მის სახლთან, ვორონცოვზე, უცებ სომეხი მეწაღე შემოგვეფეთა – 85 წლის სერგო გასპარიანი, რომელმაც პოეტის ლექსი ზეპირად მითხრა. – დედა ქართველი მყავდა, ქართული სკოლა დავამთავრე. ჩემი საქართველო და ჩემი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი ძალიან მიყვარსო. მოხუცი შინისკენ მიიჩქაროდა, ცრემლმორეული თვალებით დაგვემშვიდობა და წავიდა. ალბათ, სიცოცხლეში შემოქმედ ადამიანს იშვიათად რგებია ასეთი სიყვარული ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისგან. რასაც შევესწარი, იმას ვამბობ. იქვე, შორიახლოს, ლონდონის ბაღში, ბატონ თემურ ჩალაბაშვილის შვილიშვილი, ულამაზესი ბიჭუნა თარაში დარბოდა.  – პაპა, პაპა, ვაჟა-ფშაველა რა გვარი იყო? – ჰკითხა პაპას. – ჩემო პატარა, ნეტავი შენსავით ახსოვდეთ ვაჟა-ფშაველა ამ უფსკრულის პირას მიყვანილ სამშობლოში. ამ დღეებში მისი დაბადების თარიღი იყო, რომელზეც ბოიკოტი გამოაცხადეს ვითომ ქართულმა ტელევიზიებმა. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ამ ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ მტრობს ვაჟას ყველა მაღალ იდეალს, მათ ვაჟა-ფშაველასი ეშინიათ, – აუხსნა პაპამ შვილიშვილს.

-ბატონო თემურ, სახელი თარაში უფრო აფხაზეთშია გავრცელებული. ამიტომ ხომ არ შეარჩიეთ?

-ჩემი ვაჟის, ბეჟანის სურვილი იყო ამ სახელის დარქმევა.

მე მივუმატებ, იქნებ, თარაშისნაირმა ქართველებმა დააბრუნონ ჩვენი სულის და სხეულის ნაწილი აფხაზეთი…

“ალია”