ნასვამმა პოლიციელმა მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგიკულ ავტოავარიაში დამნაშავე პოლიციელი აღმოჩნდა, რომელიც ავტომობილს ნასვამი მართავდა. მას ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სოფელ არაგვისპირთან ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. საქმეზე პოლიციელია დაკავებული, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ავარია გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 26 ივლისს ქვეითად მოსიარულეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დაეჯახა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. დანაშაული ითვალისწინებს ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას თანამდებობის დაკავების უფლების ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

 

“სპუტნიკი”