საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, შესაძლოა, დასავლეთმა არ ცნოს. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია მიიჩნევს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები წერილებით ამაზე მიუთითებენ. მისი თქმით, შემთხვევითი არაა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საგანგებო განცხადებას აკეთებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
რაზე ჩხუბობენ დეპუტატების ნათესავები? ვინ გამოიყურება „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე სოლიდურად? რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი? რაზე მიგვანიშნებს ევროპა და აშშ? რა უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა? – ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს კახა მიქაია ესაუბრება:
– ბატონო კახა, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ დაპირისპირებას გვერდიდან უყურებთ და ნეიტრალური ადამიანის თვალით როგორ ჩანს, როცა ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალები დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ? ოპოზიციამ გერმანიის ელჩი შეაჩვენა, „ქართული ოცნების“ წევრები კი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს ესხმიან თავს.
– ორივე მხარე არასერიოზულად იქცევა. მე ადრეც მისაუბრია „ქრონიკა+“-სთან იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კონგრესმენებისა და სენატორების ლანძღვა მიუღებელია. სამწუხაროდ, ეს ლანძღვა თვეებია, გრძელდება. გერმანიის ელჩის ლანძღვა ოპოზიციამ ახლა დაიწყო. პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ელჩებისა და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლების ლანძღვა დაუშვებელია. ამით ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვერაფერს დავაკლებთ, სამაგიეროდ, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ იმას, თუ რა დაბალ დონეზეა დღეს ქართული პოლიტიკა. ძალიან ცუდია, პოლიტიკოსები ასე უპასუხისმგებლოდ რომ იქცევიან, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას მაინც არ მივაქცევდი.
უმრავლესობისგანაც და ოპოზიციისგანაც მსგავსი რაღაცები ადრეც არაერთხელ მოგვისმენია. ასეთ მარგალიტებს მომავალშიც მოვისმენთ. შალიკოს ფანჩატურში შეკრებილი ოპოზიცია საოცრებებს ამბობს გერმანიის ელჩზე, მაგრამ ირაკლი კობახიძის შეფასებები ამერიკელების მიმართ მთლად სასწაულია.
ყურადღებას სულ სხვა რამეს მივაქცევდი და სხვებსაც ამას ვურჩევ. მთავარი ამბავი არის სულ სხვა რამე: გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საგანგებო განცხადება გააკეთა. მან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, გაითვალისწინონ ეუთო-ოდირის რეკომენდაციები და ჩაატარონ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები. ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. პომპეოს განცხადებიდან ჩანს, რომ თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდა, აუცილებლად დადგება მისი ლეგიტიმაციის საკითხი.
– ეს განცხადებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს?
– არჩევნების წინ დასავლეთიდან ასეთი მძიმე შეფასებები და გაფრთხილებები არასდროს მომისმენია. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. ვიმეორებ, რომ ყველაფერი წესრიგში თუ არ იქნა, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს დასავლეთი ლეგიტიმაციას არ მისცემს.
– საქართველოში აქამდე ჩატარებულ არაერთ არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონია დასავლეთს კითხვები და პრეტენზიები, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი მაინც ცნობდა აქ ჩატარებულ არჩევნებს. ახლა რა შეიცვალა?
– დასავლეთმა აქამდე ჩატარებულ ყველა არჩევნებს მისცა ლეგიტიმაცია, მაგრამ შემოდგომაზე ეს სურათი შეიცვლება. დასავლეთი უკვე სხვანაირად უყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არჩევნებამდე ასე მკვეთრად და მწვავედ არ გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას. დასავლეთმა საქართველოს ღიად უთხრა, რომ ის მხოლოდ სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს ცნობს.
– გაითვალისწინებს ამ მოთხოვნას საქართველო? აშშ-ის სახელმწიფო მდივანი როცა ამისკენ მოგიწოდებს, ეს არაა პატარა საქმე და არც მისი უგულებელყოფა მოიტანს შედეგს.
– რა თქმა უნდა. კონგრესმა და სენატმა უკვე მოგვიწოდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ. არაერთი განცხადება გააკეთეს ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა. წინა კვირას ასეთი განცხადება გააკეთა სახელმწიფო მდივანმა. ფაქტობრივად, მხოლოდ ტრამპი დარჩა, ვისაც განცხადება არ გაუკეთებია საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. იმედია, მასაც არ დასჭირდება რამის თქმა.
– განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით არც პუტინს გაუკეთებია.
– პუტინი და კადიროვი დიდად გაიხარებენ, თუკი აქ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდება. ასეთ არჩევნებს ჩვენებური პუტინისტები და კადიროვისტებიც დაუკრავენ ტაშს. რუსეთის აზრი საერთოდ არ მაინტერესებს. მთავარი ისაა, არჩევნების ლეგიტიმაცია დასავლეთმა ცნოს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა არჩევნებმა დარღვევებისა და ექსცესების გარეშე ჩაიაროს.
– თქვენი აზრით, დასავლეთიდან წამოსულ გზავნილებს შეისმენს ხელისუფლება და ოპოზიცია? ჩატარდება შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები ღიად და დემოკრატიულად?
– უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. დასავლეთის ზეწოლას ვერ გაუძლებენ.
– თქვენ ზემოთ ირაკლი კობახიძე ახსენეთ, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკური მარგალიტებით გამოირჩევა. ის თავისი ინიციატივით აგინებს დასავლელ პარტნიორებს, თუ პარტიამ დააკისრა ეს მისია? წესით, დასავლეთი ყველაზე მეტად უნდა მოსწონდეს, იქ მიიღო განათლება.
– დანამდვილებით ვერ გეტყვით. შესაძლოა, ასეთი დავალება აქვს მიღებული, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარი ინიციატივით იგინება, ეს თვითშემოქმედებაა.
– ამით რის მიღწევას ცდილობს, ივანიშვილს აწონებს თავს?
– ივანიშვილსაც აწონებს თავს და სხვებსაც, მაგრამ აქ უფრო სხვა ამბავია. ამ ახალგაზრდას მართლა რაღაც ჰგონია თავი.
– რამდენიმე წელიწადი პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
– პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, მაგიტომაც ჰგონია რაღაც თავი. როგორ შეიძლებოდა მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა? მის მარგალიტებზე ვსაუბრობთ და ერთ მათგანზე გავამახვილებდი ყურადღებას. ცოტა ხნის წინათ მან ასეთი რამ თქვა, – ყველა მაჟორიტარმა თითო მილიონი რომ დახარჯოს, საერთოდ გაქრება რადიკალური ოპოზიცია რადარებიდანო. ოპოზიციას თავი დავანებოთ და ამით კობახიძემ საზოგადოებას მიაყენა შეურაცხყოფა – იმ გამწარებულ და მშიერ ხალხს, რომელსაც მათი მმართველობის გამო ყოველგვარი იმედი აქვს გადაწურული და მხოლოდ აუხდენელი ოცნების ამარა დარჩა. შეიძლება, შენს ამომრჩეველს ისე მოექცე, როგორც კობახიძე მოექცა? ეს დაუშვებელია.
– კობახიძე სხვანაირად ფიქრობს და მიაჩნია, რომ მას ყველას გალანძღვის უფლება აქვს. ის ისეთ რამეებს კადრულობს, რასაც არავინ მოაწერს ხელს.
– ამ ადამიანმა ყველას გადააჭარბა. ეს არის ძალიან ცუდი და სამწუხარო. მმართველი პარტიის ერთ-ერთი სპიკერი ასე არ უნდა საუბრობდეს. საკუთარ ამომრჩეველთან მას ასეთი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს.
– არჩევნების თემას დავუბრუნდეთ. ხელისუფლებაზე ამ დროს ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ რას იზამს ოპოზიცია? აწყობს მას მშვიდი არჩევნები, თუ რადიკალიზმის გზას აირჩევს?
– ოპოზიციის ქმედება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება. ამასთან, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ თავისი დღის წესრიგი შესთავაზოს. ოპოზიცია თუ მიხვდა, რომ არჩევნებს ვერ იგებს, შესაძლოა, რადიკალურ ქმედებებზე წავიდეს და სიტუაცია გაამწვავოს.
– ამომრჩეველზე რას იტყვით? რას იზამს ის ამომრჩეველი, რომლისთვისაც ოპოზიციაც ისეთივე მიუღებელია, როგორც – „ქართული ოცნება“?
– სამწუხაროდ, დღეს ამომრჩეველში ნიჰილიზმი ჭარბობს. ამის მიუხედავად, ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება და ახლავე ავხსნი, რატომაც: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად ვატარებთ პროპორციულთან მიახლოებულ არჩევნებს. თუ მოვლენები ნორმალურად განვითარდა, ეს არჩევნები შესაძლოა, ყველაზე დემოკრატიულიც კი იყოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით მომავალი პარლამენტი უფრო პრეზენტაბელური იქნება. ყველა დონისა და გემოვნების ამომრჩევლის წარმომადგენელი შეიძლება აღმოჩნდეს საკანონმდებლო ორგანოში.
– ეს კარგია?
– რაც უფრო მეტი ამომრჩევლის სურვილი და ინტერესი დაკმაყოფილდება, ეს მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ ამომრჩველი სერიოზულად უნდა მიუდგეს არჩევნებს. ხალხი არჩევნებზე აუცილებლად უნდა მოვიდეს. ჩერჩილი როგორც ამბობს, პასიური ამომრჩველი ირჩევს ცუდ ხელისუფლებას. რა უფლება გვაქვს, ჩერჩილს არ დავეთანხმოთ? ამომრჩველზე ბევრი რამეა დამოკიდებეული. არ შეიძლება, ყველაფერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დააბრალო და თავად არაფერზე აიღო პასუხისმგებლობა.
– ხალხს იმედი აქვს გაცრუებული და იოლი არ იქნება მისი საარჩევნო უბნებზე მიყვანა.
– ამაში ისინი პოლიტიკოსებმა უნდა დაარწმუნონ. ხალხის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ისევე როგორც ის, რომ არჩევნებს დასავლეთმა მისცეს ლეგიტიმაცია. ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომ დასავლეთს მისი აღიარება არ გაუჭირდეს.
– დიდი ამბები მოჰყვა საარჩევნო სიის კვოტირებას. კანონში შეაქვთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ?
– პირადად მე მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს საკანონმდებლო ორგანოში. ამის მიუხედავად, ხელოვნური ბარიერების დაწესება და კვოტირება არაბუნებრივად მიმაჩნია.
– ამის ჩაწერა კანონში რატომ გახდა საჭირო? ასეთი რამე არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ უწერიათ.
– ვერ გეტყვით, რატომ შეაქვთ ასეთი ცვლილება. გარედან სასაცილოდ გამოიყურება. „ოცნების“ სამზარეულოში არ ვარ ჩართული და არ ვიცი, რატომ მოიხარშა იქ ეს ამბავი. თუ რამე გავიგე, აუცილებლად გეტყვით.
– „ოცნების“ სამზარეულოში არ ვარ ჩართულიო, ამბობთ, მაგრამ ადრე გვითხარით, რომ იქ სერიოზული დაპირისპირებაა. საარჩევნო სიის ფორმირება, ალბათ, კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას. ამასთან დაკავშირებით რა იცით?
– საარჩევნო სიის ფორმირების დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. ასეთ დროს პარტიებში უკმაყოფილება ბუნებრივი პროცესია. რაც მეტი კვოტა ექნება ამა თუ იმ ლიდერს, მით მეტ კაცს გაიყვანს ის პარლამენტში. ამისთვის „ქართულ ოცნებაში“ მართლა ომია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. საინტერესო ისაა, თუ როგორ დასრულდება საარჩევნო სიის ფორმირება და მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა. სავარაუდოდ, ამას „ქართული ოცნება“ არ გადაჰყვება.
– თქვენი ინფორმაციით, ერევა თუ არა საარჩევნო სიის ფორმირებაში ივანიშვილი? როგორც ჩვენ ვიცით, მას ჯერ პროცესი თავის ნებაზე აქვს მიშვებული და უყურებს, რომელი ლიდერი ვის შეიყვანს სიაში.
– ერთი რამე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერავინ ვერაფერს გადაწყვეტს. ლიდერებმა რაც არ უნდა მოაჩვენონ საზოგადოებას თავი, რომ დამოუკიდებლად წყვეტენ რაღაცებს, „ოცნების“ ლიდერის გარეშე არაფერი გამოუვათ. ისინი მის უნებართვოდ ნაბიჯსაც ვერ დგამენ.
– ახლა ეს ლიდერები ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასულები და ამას ივანიშვილის ნებართვით აკეთებენ?
– არა მგონია, ამაზე ივანიშვილს მიეცა ნება, რომ ერთმანეთი დაჭამეთო. ეს ჩვეულებრივი შიდა დაპირისპირებაა გავლენების მოსაპოვებლად. საარჩევნო სიის ფორმირების დროს გადამწყვეტ სიტყვას ის იტყვის და ბოლოს ყველას იმ ლუკმას მისცემს, ვინც რას იმსახურებს.
– რა კრიტერუმით გამოავლენს გამარჯვებულს?
– რა კრიტერიუმებით იმოქმედებს, ამას ვერ გეტყვით, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ენდობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ამა თუ იმ ლიდერს.
– როგორც ამბობენ, ამ ეტაპზე ის ყველაზე მეტად გიორგი გახარიას ენდობა. შეინარჩუნებს ამ ნდობას არჩევნებამდე პრემიერი?
– არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ყველაზე მეტად გახარიას ენდობოდეს და არჩევნებზეც მას გამოუცხადოს ნდობა. ვაღიაროთ, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ადეკვატურად და სოლიდურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოიყურება.
– სხვებთან შედარებით მართლა სოლიდურად გამოიყურება გახარია, მაგრამ მარგალიტების ფრქვევა ბოლოს მანაც დაიწყო.
– მარგალიტების გარეშე როგორ გინდა, პოლიტიკაში იყო? ასეთი მარგალიტები ყველას აქვს. ამ მარგალიტების მიუხედავად, გახარია გუნდში ყველაზე სერიოზული ფიგურაა. პანდემიის დროს მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი.
– საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით 30 მაჟორიტარი გვეყოლება. სამეგრელოს სამი მაჟორიტარი ერგო. ამხელა რეგიონისთვის სამი მაჟორიტარი საკმარისი იქნება? ამას სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა.
– ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ტერიტორიულადაც დიდია და მოსახლეობის რაოდენობითაც, სამი მაჟორიტარი არასაკმარისია. როცა პირველად გაჟღერდა, რომ სამეგრელოს მხოლოდ სამი მაჟორიტარი ეყოლებოდა, ეს ამბავი თავიდანვე გავაპროტესტე. სამი ოლქის გამოყოფამ სერიოზული შიდა დაპირისპირება გამოიწვია.
– რა შიდა დაპირისპრება?
– ტყუილად მეკითხებით, დეტალებს მაინც არ მოვყვები. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სამეგრელოში სამ ოლქს ძალიან დიდი დაპირისპირება მოჰყვა. ამ დაპირისპირებაში ჩაერთნენ დეპუტატების ნათესავები, ცოლები, ცოლის დაქალები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მეზობლები, სიძეები, რძლები და პატარძლები. დაპირისპირება ახლაც მიდის და დეპუტატების სრული გარემოცვა არის ამაში ჩართული. აშკარა და ფარული ომია. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. პირადად ამას შორიდან ვუყურებ და არ მწყინს, რაც ხდება. შეიძლება, არ ვტკბები, მაგრამ ძალიან კი ვხალისობ.
– სახალისო რატომ არის ეს ამბავი?
– ისეთი ხალხია ჩართული, რომ… მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ. რაც გითხარით, ისიც საკმარისია. სამეგრელოსთვის მეტი კვოტა რომ მიეცათ, ასეთი ამბები აღარ იქნებოდა. აქამდე რეგიონს რვა მაჟორიტარი ჰყავდა, უცბად სამამდე დაყვანა კი არაადეკვატურია. უკმაყოფილება გამოიწვია. კვოტა რომ შემცირდა, მაშინ ისეთმა ადამიანებმა გამოთქვეს მაჟორიტარობის სურვილი, რომ არ დაგიმალავთ და თავი სიზმარში მგონია.
წყარო: timer.ge