შეერთებული შტატების სენატში დღეს რესპუბლიკელები განსახილველად ეკონომიკური სტიმულირების ახალ პაკეტს წარადგენენ. იტყობინება “ამერიკის ხმა”.
კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქვეყნის მორიგი დახმარების ინიციატივა ტრილიონ დოლარს შეადგენს.
ყურადღების ცენტრში უმუშევრობის ფედერალური დახმარებაა, რომელსაც მილიონობით ამერიკელი იყენებს და რომელსაც ვადა ამ პარასკევს ეწურება. ახალი გეგმის მიხედვით, რესპუბლიკელები უმუშევრობის დახმარებას კიდევ გააგრძელებენ, მაგრამ ის მომავალში ხელფასის 70%-ით განისაზღვრება. აქამდე, შტატის მიერ გადახდილ უმუშევრობის დახმარებას ფედერალური მთავრობა კვირაში $600-ს ამატებდა.
რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობაში არიან და მათი გეგმა დიდი ალბათობით დამტკიცდება, თუმცა წარმომადგენელთა პალატა დემოკრატების მიერ კონტროლდება და მხარეებს შორის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებული წინააღმდეგობები ჯერ კიდევ დასაძლევია.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ, რესპუბლიკელებს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი დახმარებას აგვიანებენ. რესპუბლიკელების რიგებში “არეულობაა, და ეს დაგვიანება ამერიკულ ოჯახებს აზარალებს” – განაცხადა კვირას პელოსიმ.
დემოკრატების მიერ დაახლოებით ორი თვის წინ წარდგენილი ეკონომიკური პაკეტი გაცილებით ხელგაშლილი, 3 ტრილიონი დოლარის ოდენობის იყო. სენატის უმრავლესობის რესპუბლიკელი ლიდერი მიტჩ მაკკონელი იმედს გამოთქვამს, რომ მათ შორის შეთანხმება შემდეგი 2-3 კვირის მანძილზე მოხდება.
წყარო: ghn.ge