106 აუზის შემოწმების შემდეგ, მუშაობის უფლება 66-ს მისცეს, 263 ფიტნესცენტრიდან კი 144-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები

„ვაგრძელებთ ეკონომიკის გახსნის პროცესს. 118 აუზია რეგისტრირებული, 106 შემოწმდა და 66-ის მიმართ გაიცა თანხმობა, ასევე, რეგისტრირებული 275 ფიტნესცენტრიდან 263 შემოწმდა და თანხმობა გაცემულია 144-ის მიმართ.

 

რაც შეეხება სასტუმროების სექტორს, 1322 ობიექტის მიმართ გაიცა თანხმობა“, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ინტენსიურად ტარდება სამუშაოები სავაჭრო ობიექტებზეც.

„ჯამში, 20 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინიგი და რეკომენდაციების შესრულების დინამიკა საკმაოდ დადებითია“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ახორციელებს.

“იმედი”