ბოლო პერიოდში, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლის შესახებ. განსაკუთრებით აქტიური ამ საკითხში პოლონეთია, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ.
რა არის სტამბოლის კონვენცია?
კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს.
დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახური დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე.
ვინ მიიღო სტამბოლის კონვენცია და რატომ?
სტამბოლში მიღებული კონვენციის სრული სახელწოდებაა – ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია.
კონვენცია, რომელსაც ხშირად სტამბოლის კონვენციას უწოდებენ, ხელმოწერის მსურველებისთვის 2011 წლის 11 მაისს გაიხსნა.
ევროსაბჭომ ქალების ძალადობისგან დაცვის მიზნით საქმიანობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან წამოიწყო. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ აუცილებელი იყო სამართლებრივი მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც დაზარალებულს ნებისმიერ ადგილზე უზრუნველყოფდა დაცვის ერთიანი სისტემით.
2008 წელს, ევროსაბჭოს იუსტიციის მინისტრთა კომიტეტმა შექმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც დაევალა კონვენციის შედგენა. დოკუმენტს უნდა განესაზღვრა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სტანდარტები.
კონვენციის პროექტის პირველად ვერსიაზე მუშაობა 2010 წელს დასრულდა. ტექსტის შემუშავების პროცესში ზოგიერთი ქვეყანა ცდილობდა შეერბილებინა კონვენციის პირობები და ზოგიერთი პარაგრაფი საერთოდ ამოეღო, რასაც საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეშფოთება მოჰყვა.
საბოლოოდ, 2011 წლის 11 მაისს, კონვენცია ხელმოწერისთვის გაიხსნა სტამბოლში, თურქეთში.
დღეის მდგომარეობით, კონვენციას ხელი მოაწერა 11-მა ქვეყანამ და ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ [ევროკავშირი] რატიფიცირების გარეშე.
კონვენციას ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა 34-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.
ვინ არ მოაწერა ხელი და ვინ არ მოახდინა კონვენცის რატიფიცირება?
თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია 2012 წლის 12 მარტს. მას შემდეგ კონვენციის რატიფიცირება კიდევ 33-მა ქვეყანამ მოახდინა.
როგორც უკვე აღინიშნა, რამდენიმე ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას, თუმცა მისი რატიფიცირება არასდროს მოუხდენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ ქვეყნებში არ ამოქმედებულა. ეს ქვეყნებია: სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მოლდოვა, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.
► ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენიათ, ნახეთ აქ.
► ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას და მისი რატიფიცირებაც მოახდინეს, ნახეთ აქ.
რამდენიმე ქვეყანამ საერთოდ უარი თქვა კონვენციის ხელმოწერაზე, მათ შორის რუსეთმა და აზერბაიჯანმა.
რას არის კონვენციის მიზანი?
კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
კონვენციის განსაკუთრებული მახასიათებლები
• კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
• ეს გახლავთ პირველი საერთაშორისო კონვენცია, რომელშიც მოცემულია გენდერის განსაზღვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი და მამაკაცი არა მხოლოდ ბიოლოგიურად არიან მდედრობითი და მამრობითი სქესისა, არამედ ასევე განეკუთვნებიან სოციალურ კონსტრუქციაზე აგებულ გენდერის კატეგორიას, რომელიც ქალებისა და მამაკაცების კონკრეტულ როლებსა და ქცევის წესებს განსაზღვრავს. კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული როლებისა და ქცევების მიღებამ შესაძლოა ქალთა მიმართ ძალადობა დასაშვებ მოვლენად აქციოს.
• კონვენცია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს მთელი რიგი ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ქალის გარეთა სასქესო ორგანოების “დაცვეთა”, იძულებითი ქორწინება, დევნა (გადაკიდება/ აკვიატებული დევნა), იძულებითი აბორტი და იძულებითი სტერილიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს პირველად მოუწევთ ასეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების თავიანთ სამართლებრივ სისტემებში ასახვა.
• კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩართონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და სამსახურები, რათა ეს პრობლემა კოორდინირებული ძალისხმევით გადაიჭრას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცალ-ცალკე კი არ უნდა მუშაობდნენ, არამედ მათ თანამშრომლობის პროტოკოლები/მემორანდუმები უნდა შეიმუშაონ.
რის გაკეთებას სთხოვს კონვენცია სახელმწიფოებს?
პრევენცია
დაცვა
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
ინტეგრირებული პოლიტიკა
რომელ დანაშაულებს მოიცავს კონვენცია?
კონვენცია მოითხოვს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ან სხვა სამართლებრივი სანქციის ამოქმედების საფუძველი გახდეს ისეთი ქმედებები, როგორიცაა:
ოჯახური ძალადობა (ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობა);
დევნა (აკვიატებული დევნა/გადაკიდება);
სექსუალური ძალადობა, გაუპატიურების ჩათვლით;
სქესობრივი შევიწროება;
იძულებითი ქორწინება;
ქალის გენიტალიების “დაცვეთა”;
იძულებითი აბორტი და იძულებითი სტერილიზაცია.
აქვს რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა სტამბოლის კონვენციას?
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანახმად, სტამბოლის კონვენციას უკვე ჰქონდა აშკარა გავლენა, რადგან რამდენიმე ქვეყანის ეროვნული კანონმდებლობის უფრო მაღალი საკანონმდებლო და პოლიტიკის სტანდარტები იქნა შემოღებული, რამაც ხელი შეუწყო ზოგადად საზოგადოებისა და დაზარალებულთა ცნობიერების ამაღლებას.
წყარო: ghn.ge