“გააჩერეთ ვინმემ ეს გაუნათლებელი და უპასუხისმგებლო ბრბო, სანამ ბავშვებს რაღაცა დამართეს!”

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ბლოგერი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში საკმაოდ გავრცელებულ ე.წ. კეტოდიეტაზე წერს და აფრთხილებს საზოგადოებას:

 

“სექტანტიზმში გადასული საყოველთაო ისტერია რომელიც სოც სივრცეში კეტოდიეტის სახელით არის ცნობილი, ჩემი აზრით, ცოტა სახიფათო ფორმებს იღებს უკვე.

ეს მედიცინაში გაუნათლებელი, გაურკვეველი განათლების მქონე ვიღაცები, დროის გარკვეულ პერიოდში წონის კლების რიცხვები რომ ექსპერტის დიპლომი გონიათ, დიეტოლოგიაში ფეისბუქზე მიღებული “ცოდნით”, დანინგ-კრუგერის კლინიკური მანიფესტაციის მაქსიმალური გამოვლინებით და ‘მე ადმინი ვარ შენ არავინ’ დამოკიდებულებით, უკვე ძაან გაღმა გავიდნენ, თავის ჯგუფში თინეიჯერებს ამატებენ და ახლა უკვე მათ მოძღვრავენ და დიეტები.

“რეკომენდაციებს” აძლევენ ძაან ამაყად და თავდაჯერებულად.

რეკომენდაციებში ამოიკითხავთ ისეთ ამბებს როგორიც არის მაგალითად, რომ თურმე თინეიჯერებისთვის რძე და მაწონი მავნეა და ნაღების კარაქი კი კარგი მათთვის, თურმე ყველანაირ ტკბილ ხილს უნდა მოერიდონ კენკრის გარდა და საცხობის პროდუქტები ყველაფერი ამოიღონ, კოკა-კოლა ძაან თუ უყვართ, ძალიან იშვიათად მარა უშაქრო რედბულით ჩაანაცვლონ და ა.შ.

კვებითი დარღვევების (eating disorder) პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია თინეიჯერებში, იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქოემოციური ფონი განსაკუთრებულ როლს თამაშობს მაგ ასაკში.
დეპრესიიდან დაწყებული, შფოთვითი აშლილობით დამთავრებული ხშირ შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია ამ დარღვევებთან, ამას ემატება საზოგადოებრივი და განსაკუთრებით კი მათი, თინეიჯერებისვე მანკიერი დამოკიდებულება ჭარბი წონის მიმართ, ამ პრობლემის (პრობლემაა ჭარბი წონა, კი) არასწორი მიმართულებით წაყვანა და ამით განპირობებული პირდაპირი ან ირიბი ბულინგი და ა.შ.

მოკლედ, თინეჯიერების შემთხვევაში დიეტოლოგიის აკადემიური ცოდნის გარდა ფსიქოლოგიური ასპექტების ცოდნაც საჭიროა და ამ კუთხის სპეციალისტების ჩართვაც. მეტიც, მშობლებს ასწავლიან როგორ ესაუბრონ ბავშვებს თუ ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში.

ჰოდა, გააჩერეთ ვინმემ ეს გაუნათლებელი და უპასუხისმგებლო ბრბო, სანამ ვიღაცას რაღაცა არ დამართეს, მერე გვიანი იქნება, ვინმე გამწარებული მშობლის სტატუსს თუ ნახავთ დანევროზებულ კახექსიურ თინეიჯერზე, რომელსაც ტიკტოკიდან “დიეტოლოგიას” ასწავლიდნენ და ახლა საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.

ბავშვებს გაეშვით ჯობია და თქვენ გინდა ის ყავაში ჩაგდებული კარაქი ლოღნეთ და გინდა კეტომეგობრული ვაიფაი ეძებეთ ბანაკში, მაგაზე მე არ ვიდარდო”.

MSHOBLEBI.GE