როცა ბავშვი საჭმელს მთხოვს, ზღაპრებს ვუყვები, რომ შიმშილი დავავიწყო – სულისშემძვრელი ისტორია ახმეტიდან

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ყველა იცნობს პატარა, პირველკლასელ ბიჭს, რომელსაც ბებია ზრდის.

 

51 წლის მარინა მატიაშვილს, რამდენიმე თვის ავადმყოფი ჩვილი, საკუთარმა ქალიშვილმა დაუტოვა და უკვალოდ გაქრა. ასე დაიწყო ბებია – შვილიშვილის მძიმე ბრძოლა არსებობისათვის.

მარინა მატიაშვილი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ქალიშვილმა ბანკში შესატანი ფული რამდენჯერმე დაუხარჯა, მას კი, ავადმყოფი შვილი შეატოვა.

„ბავშვი რამდენიმე თვის იყო, სულ ავადმყოფობდა, სიცოცხლისათვის საშიში კრუნჩხვა უვითარდებოდა და მას ვპატრონობდი. სამჯერ გავატანე ჩემს შვილს, ვაი- ვაგლახით ნაშოვნი, ბანკში შესატანი ფული. თურმე, მეგობრებში ხარჯავდა. მერე სულ გაქრა. არც შვილი მოუკითხავს და არც მისი მდგომარეობით დაინტერესებულა. მას შემდეგ, ვიბრძვით მე და ჩემი პატარა არსებობისათვის“, – ყვება მარინა.

დედისგან მიტოვებული პატარა, ახლა შვიდი წლისაა და სკოლაში დადის. ოჯახს, უკიდურესი გაჭირვებით, სათნოების სახლის ულუფითა და კეთილი ადამიანების დახმარებით გააქვს თავი.

„მე არსად ვმუშაობ, არც საპენსიო ასაკი მაქვს და არც სოციალურ დახმარებას ვიღებ. ჩემი მეუღლე მეორე ჯგუფის ინვალიდია. პენსიას იღებს და სასმელში ხარჯავს, ამიტომ არც გვეთვლება. სათნოების სახლი გვაძლევს ულუფას და მირჩევია, რომ ბავშვმა ჭამოს. ხშირად არის შემთხვევა, რომ პურიც არ გვაქვს. თუ ასეთ დროს ბიჭი საკვებს მთხოვს, ზღაპრებსა და სხვადასხვა ამბებს ვუყვები, რომ შიმშილი დავავიწყო“, – ამბობს მარინა.

მატიაშვილების ოჯახს საყოფაცხოვრებო პირობებიც ძალიან რთული აქვს. სახლში არ არის ტელევიზორი, სარეცხის მანქანა და მაცივარი. შვიდი წლის ბიჭს, თითქმის არ აქვს სათამაშოები და სასკოლო ნივთები. მარინა ყვება, რომ ყოველდღიურად ნაშოვნი კაპიკები, ბავშვის წამლებში იხარჯება.

„ჩემი ბიჭი ასთმური შეტევებით იტანჯება. სამი ფლაკონი წამალი სჭირდება და ზოგჯერ, შესაძლოა, ის წამალიც ვერ დაეხმაროს. ასეთ შემთხვევაში, სასწრაფოს ვიძახებ. ტანსაცმელი ნაჩუქარი აცვია, რამდენიმე დღის წინაც დაგვეხმარა ერთი კარგი გოგო, თელავიდან. დილას, მაყვალი მოვკრიფე, გავყიდე და 10 ლარი გვაქვს. ამით საჭმელს ვიყიდი“, –  გვეუბნება ბიჭის ბებია.

როგორც ირკვევა, მარინას ქალიშვილი, თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობს. ბავშვის გამო, ბებიამ მასთან კონტაქტის მოძებნა სცადა. თუმცა, მარინა ყვება, რომ ბიჭის დედასთან ცხოვრება, არ შეიძლება.

„ვიფიქრე, იქნებ დედასთან კონტაქტი სასარგებლო იყოს- მეთქი. ისევ მე მოვძებნე. ამ ცოტა ხნის წინ, ჩავუყვანე. მალევე დამირეკა, წამიყვანეო. ასთმიან შვილთან, სიგარეტი მოუწევია და ბიჭის შენიშვნის გამო, თავში ჩაურტყამს. გამოდის, არც დედა ჰყავს, არც მამა. იქ აღარ გავაჩერებდი, ვინც ამას ხელით შეეხება, არ ვაცოცხლებ. ჩახუტებულებს გვძინავს, სიცოცხლეზე მეტად ეს ბავშვი მიყვარს და არავის დავაჩაგვრინებ“, – გვიყვება მარინა.

უკიდურესად გაჭირვებულ მატიაშვილებს, სოციალური დახმარების დანიშვნაზე უარი, ხუთი თვის წინ, გაურკვეველი მიზეზით უთხრეს.

კახეთის სოციალური მომსახურების საგენტოში განმარტავენ, რომ სოციალურ დახმარებაზე უარის თქმის მიზეზი, შესაძლებელია ქალის ახალგაზრდა ასაკი გამხდარიყო.

„დეკლარაციაში, შესაძლოა “ღატაკი” ჩაუწერეს, მაგრამ პროგრამა ანიჭებს ქულებს და მისი ასაკის გათვალისწინებით, ალბათ ჩაითვალა, რომ შრომისუნარიანია. ხელახლა რომ გადავამოწმოთ, ერთი წელი უნდა გავიდეს“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯემალ ბაღათრიშვილმა.

“პრაიმტაიმი”