“ქოცნების” რიგებში ბუნტია – მხცოვანმა ექიმმა, პროფესორმა ცერცვაძემ, თავისი “ინფექციური საავადმყოფოს” სახელით, შეტევა მიიტანა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრზე და ამჟამად, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე დავით სერგეენკოზე.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი სერგეენკოს მიმართავს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხება.
„ა.წ. 21 და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“. დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს დავითმა თქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“.
მინდა, დაბეჯითებით ვთხოვო დავითს, დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ, გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.
დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“, – აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებაში.
ფოტოკოლაჟი: ჯჩნ