რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მეზობელ ქვენებში, სომხეთ-აზერბაიჯანში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს. კრემლის მტკიცებით, საუბარი თურქეთის მხარის ინიცირებით წარიმართა.
კრემლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის საზღვართან არსებული მწვავე სიტუაციისა და საომარი მოქმედების შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, პუტინმა ერდოღანთან საუბრისას განაცხადა, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომელიც კონფლიქტის ესკალაციას შეუწყობს ხელს.
“ორივე პრეზიდენტმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებაზე ისაუბრა. ისინი მზად არიან, რეგიონში სტაბილიზაციას კორდინაცია გაუწიონ”, — წერია კრემლის განცხადებაში.
12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტოვუზის რაიონში სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა. უცნობია, რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი პირველად, რადგან სროლის პროვოცირებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს. ბოლო მონაცემებით, საზღვარზე დაპირისპირება გრძელდება.
კონფლიქტის დაწყებისთანავე მალევე, თურქეთმა აზერბაიჯანს მხარი დაუჭირა და მომხდარში სომხეთი დაადანაშაულა.
“ონ.ჯი”