ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ საბურთალოს რაიონში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატებს დაუყენებენ, არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დააყენოს. ამის შესახებ მან, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საბურთალოს რაიონში აპირებენ კენჭისყრას, საკუთარი პოზიციების მაქსიმალური კოორდინირება მოახდინონ.
„ჩვენ როდესაც თბილისში 8 ოლქიდან 6 ოლქი დავთმეთ, ძალიან ცხადად ვთქვით და ახლაც იგივე პოზიციაზე ვართ, რომ იყოს ოპოზიციური შეთანხმება, რომელიც მოგვცემს ერთ ოპოზიციურ კანდიდატს თითო ოლქში. საბურთალოზე ჩვენი პარტიიდან არ არის წარდგენილი არცერთი კანდიდატი, მაგრამ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დაუყენეს უკვე ერთმანეთს კანდიდატები ან სავარაუდოდ აპირებენ, რომ დაუყენონ. ჩვენი მოწოდება ამ ეტაპზე არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაა, არამედ ჩვენი მოწოდება ამ ეტაპზე არის ის, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი პოზიციების კოორდინირება იმ ოპოზიციურმა კანდიდატებმა, რომელთაც ახლა აქვთ სურვილი. ჩვენს ამომრჩეველს ჯერჯერობით ვერაფერს მოვუწოდებთ, რადგან ეს განცხადებები ოფიციალურად არ არის გაკეთებული, როდესაც კანდიდატები ოფიციალურად დადგებიან და მართლაც, თუ სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა, რომ ის ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს მაინც დაუყენეს კონკურენტი კანდიდატები, ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენც დავაყენოთ კანდიდატი, თუ საერთოდ დაირღვა ოპოზიციური კონსენსუსი, რომელსაც ჩვენ ხელი შევუწყვეთ იმით, რომ დავთმეთ 6 ოლქი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ინტერპრესნიუსი”