არ გვქონია შემთხვევა, ადამიანების ინფიცირების წყაროსთვის რომ ვერ მიგვეგნოს

მოცემული დროისთვის მდგომარეობა საქართველოში სტაბილურია. ჩვენ ყოველდღიურად მხოლოდ ძალიან დაბალი რაოდენობის შემთხვევები გვიფიქსირდება, ზოგიერთ დღეს კი, საერთოდ არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გერმანულ გამოცემა „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პანდემიის მიმდინარეობისას, ჩვენ თითქმის არ გვქონია შემთხვევა, როცა ვერ შევძელით ადამიანების ინფიცირების წყაროს მიგნება. ეს იქედანაც გამომდინარეობს, რომ არ გვაქვს მოსახლეობის დიდი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე ვახერხებდით კონტაქტების შემთხვევების დადგენას, რაც ჩვენი წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. გერმანიის მსგავს ქვეყანაში, სადაც 83 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს, ეს რა თქმა უნდა, ბევრად რთული იქნებოდა.

ახლა ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა შესაძლო მეორე, მესამე ან მეოთხე ტალღაც კი რაც შეიძლება სწრაფად ჩავახშოთ, ისევე, როგორც ეს პირველი ტალღის დროს მოვახერხეთ. დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენ მიერ შემუშავებულ კორონას აპლიკაციაზე, რომელიც გვიადვილებს კონტაქტების აღმოჩენას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი იყენებს ამ აპლიკაციას, ასე რომ გვიწევს კონტაქტების დადგენის სხვა ხერხების გამოყენებაც.

თუმცა, პარალელურად ვცდილობთ, დავარწმუნოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ მათ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გამოიყენონ. მნიშვნელოვანია, გამჭვირვალედ ავუხსნათ მოსახლეობას, რომ შეიძლება მეორე ტალღა დადგეს, რომელიც უფრო მძიმედ ჩაივლის, ვიდრე პირველმა ტალღამ ჩაიარა. ჩვენთვის ეს სცენარი ცნობილია სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების შემთხვევებიდან. თუ მოსახლეობა არ იქნება მზადყოფნაში, არც ერთი ღონისძიება არ იქნება საკმარისად ეფექტური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

“იმედინიუსი”