ჭავჭავაძის გამზირზე შეცვლილი მოძრაობის გამო მძღოლების მომზადება დღეს ღამით დაიწყება

ჭავჭავაძის გამზირზე შეცვლილი მოძრაობის გამო მძღოლების მომზადება დღეს ღამით დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.

ვიქტორ წილოსანის თქმით, მძღოლების მომზადება სამი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და შაბათიდან ამოქმედდება ახალი მოძრაობის გრაფიკი და სტრუქტურა, რომლის თანახმადაც ჭავჭავაძეზე ავტობუსები შუა ზოლში იმოძრავებს.

„მოეწყო ახალი გაჩერებები. 14 შუქნიშანი დამონტაჟდა, რაც ზრდის უსაფრთხოებას და კომფორტს ფეხით გადაადგილებისთვის. ავტობუსები მოეწყო შუა ზოლში, რადგან ბევრი მკვეთი ქუჩაა ჭავჭავაძეზე და ეს დააზღვევს შეფერხებას და შესაბამისად, მოლოდინის დროის გაზრდას, ამიტომ მოხდა შუაში გაჩერებების გათვალისწინება. ამან 500 მილიონი ლარის დანაზოგი მოგვიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში 30%-ით მეტი ავტობუსი დაგვჭირდებოდა“, – განაცხადა წილოსანმა.

თბილისის მერის განცხადებით, 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში (00:30-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს სატესტო რეჟიმში.

„აღნიშნულ საათებში, ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზის ხევიდან, გიორგი წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

“იმედინიუსი”