ტიკარაძე: ვაქცინის მიმართ მოსახლეობის უნდობლობა სრულიად გასაგებია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის უნდობლობა მისთვის სრულიად გასაგები და მისაღებია.

 

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქვეყანაში გამოუცდელი ვაქცინა არ შემოვა.

„არ გვაქვს მოლოდინი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ოქტომბერში და ნოემბერში. რა თქმა უნდა მოსახლეობას არ შევთავაზებთ ისეთ ვაქცინას, რომლის საეჭვოობაც არის მაღალი. მოსახლეობის დამოკიდებულება ვაქცინის უნდობლობასთან დაკავშირებით პირადად ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, იანვრიდან, მას შემდეგ რაც კოვიდი დაფიქსირდა, ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა პრეპარატზე, რომლით უფრო უკეთესად ინკურნება კოვიდი, რომლის დარეგისტრირებაც ხდება, მაგრამ შემდეგ ხდება უკან გაწვევა, ასევე აზრთა სხვადასხვაობაა ვაქცინასთან დაკავშირებით. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა, ის ვაქცინა, რომელზეც დავთანხმდებით და ქვეყანაში შემოვა, იქნება აუცილებლად გამოცდილი. დაველოდებით გარკვეულ პერიოდს, როცა არაერთხელ იქნება გადამოწმებული მისი სანდოობა, მხოლოდ მას შემდეგ შევთავაზებთ ჩვენს მოსახლეობას. მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, როდესაც ვაქცინა იქნება სრულიად უსაფრთხო, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად გავზარდოთ მოსახლეობის ინფორმირებულობა, იმისათვის რომ გაიზარდოს ნდობა ვაქცინის მიმართ. რა თქმა უნდა მცირე ჯგუფებით დავიწყებთ ვაქცინაციას და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ იმ სასურველ შედეგს, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ელოდებიან“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

“პია”