“კარანტინის დაწესება დამამცირებელი იყო” – ანდრეა ბოჩელი იტალიელებს მოუწოდებს არ დაიცვან დისტანცია და არ ატარონ პირბადე

“კარანტინის დაწესება დამამცირებელი იყო” – ანდრეა ბოჩელი იტალიელებს მოუწოდებს არ დაიცვან დისტანცია და არ ატარონ პირბადე

მსოფლიოში ცნობილი ოპერის იტალიელი ვარსკვლავი, ანდრეა ბოჩელი, იტალიის მთავრობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით კარანტინის შემოღება და ადამიანების სახლში გამოკეტვა დამამცირებელი იყო. ბოჩელის ამ სიტყვებს sky.com-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, პოპუალრულმა ტენორმა ამის შესახებ ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბოჩელი ამბობს, რომ მან კარანტინის დროს შემოღებული წესები დაარღვია, რადგანაც ფიქრობდა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

ბოჩელის განცხადება სიურპრიზი აღმოჩნდა იტალიის მთავარობისთვის, რადგანაც კარანტინის დროს ის იტალიის გაერთიანების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, როცა მილანში, ცარიელ ტაძარში სიმღერა შეასრულა. ბოჩელის წარმოდგენას იტალიელებმა “იმედის სიმღერა“ უწოდეს. სანახაობამ ბევრს ცრემლიც კი მოჰგვარა.

61 წლის ტენორი ასევე ამბობს, რომ არ მიაჩნია სწორად და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მისი ასაკის ადამიანისთვის სახლში ყოფნა. მომღერალი თვლის, რომ პანდემია არც ისეთი საშიშია, როგორც ხელისუფლება ხატავს და აცხადებს, რომ ის არ იცნობს ადამიანს, რომელსაც ინტენსიური თერაპია დასჭირდა.

მისივე თქმით, ადამიანებმა უნდა უგულებელყონ პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის წესები.

მოდით, უარი ვთქვათ ამ წესებზე, მოდით, ვიკითხოთ წიგნები, ვიაროთ, გავიცნოთ ერთმანეთი, ვისაუბროთ” – ამბობს ბოჩელი.

წყარო: ambebi.ge