5 ახალი პროფესია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო ათ წელიწადში გაჩნდა
21-ე საუკუნემ, რომელიც კოლოსალური ტექნოლოგიური განვითარებითა და ცხოვრების განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ხასიათდება, ახალი, მანამდე არასტანდარტული პროფესიების გაჩენა განაპირობა. ამ სუპერთანამედროვე სპეციალობებით მუშაობისთვის შესაბამისი განათლება სტანდარტული სახით, ანუ სასწავლებელში გატარებული წლები და შედეგად მიღებული დიპლომი აუცილებელი სულაც არ არის. მათში წარმატების მიღწევა ძირითადად მონდომებაზე, პრაქტიკასა და კონტაქტებზეა დამყარებული.
საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში 5 მთავარი ახალი პროფესიის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ინფლუენსერობა, იუთუბერობა, სოციალური მედიის მენეჯმენტი, რეკრუტერობა და სახლში მიტანის სერვისი.
ჯინჯოლავა განმარტავს, რომ უამრავი პროფესია უცხოეთიდან შემოვიდა, ამასთანავე, ახალი პროფესიების საქართველოში გაჩენა განაპირობა ინტერნეტმა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ და ზოგადად, 21-ე საუკუნემ, როგორც ციფრულმა ერამ.
1) ინფლუენსერობა
ინფლუენსერობის შესახებ AMBEBI.GE-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ნინა პერტენავა ესაუბრა, რომლის თქმითაც, დაახლოებით 100 წლის წინ საზოგადოებასთან ურთიერთობის შემქმნელმა, ედვარდ ბერნეისმა პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, ცნობადი ადამიანების გამოყენება დაიწყო. ეს შემდგომშიც გაგრძელდა, მაგალითად, წარმატებული ადამიანების სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით.
„მას შემდეგ ძირითადმა სარეკლამო და საკომუნიკაციო არხებმა სოციალურ მედიაში გადაინაცვლა და აქტუალური გახდა ინფლუენსერების არსებობა, არამარტო უკვე ცნობილი და სხვა დარგიდან გადმოსული ადამიანების, არამედ უშუალოდ ბლოგერების, ვლოგერების, ინსტაგრამის გოგოებისა და ბიჭების, ეს კი უკვე ახალია. ინფლუენსერები საინტერესოა დამკვეთებისთვის, რომლებიც მათ პროდუქტისა და მომსახურების პოპულარიზაციაში ან თანხას უხდიან, ან სანაცვლოდ პროდუქციას სთავაზობენ. სწორედ აქედან დაიწყო ინფლუენსინგი, როცა ადამიანებს, ვისაც იუთუბზე საკუთარი არხები ან ინსტაგრამ გვერდები ჰქონდათ ბევრი გამომწერით, დიდი კომპანიები პროდუქციის გატესტვას, გამოყენებასა და საზოგადოებამდე მიტანას თხოვდნენ. მეორე ფორმაა ინფლუენსერების გვერდების გამოყენება მაგალითად, ახალი მომსახურების დანერგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით“, – აღნიშნავს პერტენავა.
ის გამოჰყობს ინფლუენსინგის ტიპებს და აღნიშნავს, რომ ეს ახალი პროფესია რომელიმე ძველი სპეციალობის ჩანაცვლება კი არ არის, არამედ, მის წინა პლანზე ძირითადად, მულტიფუნქციური პროფესიებია წარმოდგენილი.
„ინფლუენსერობა ზოგჯერ კონტენტის ლამაზად და სწორად მიწოდებასთანაა დაკავშირებული, ასევე, არიან უბრალოდ, ლამაზი ინფლუენსერებიც, რომლებიც თავს უვლიან და ლამაზ ფოტოებს დებენ. ადამიანები მათ ეკითხებიან, როგორ მიაღწიეს ასეთ ფორმას, როგორ მაკიაჟს იყენებენ და ა.შ. არიან ისეთებიც, ვინც იუმორით გახდნენ პოპულარულები. ვფიქრობ, ერთი პროფესია უკვე აღარ არის იმისთვის საკმარისი, რომ ადამიანი მოთხოვნადი იყოს – აუცილებელია მეორე და შესაძლოა, მესამეც. ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ინფლუენსერების ბუნებრიობასაც.
თავად სოციალური ქსელებიც არ არსებობს დიდი ხანია და ინფლუენსერობაც, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ახალია. ჩვენთან ცოტა გვიან შემოდის ეს ტენდენციები და ბაზარი ახლა ყალიბდება. თუმცა, საქართველოში ნიჭიერი ინფლუენსერები არიან და ვფიქრობ, ცოტა ხანში ძალიან ხარისხიანი ინფლუენსერები გვეყოლება“, – აღნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
2) იუთუბერობა
შეიძლება ითქვას, იუთუბერობა, მიუხედავად იმისა, რომ ის თანამედროვე ტენდენციების გამო უკვე ცალკე პროფესიადაა ჩამოყალიბებული, ინფლუენსერობის ერთ-ერთი სახეცაა. იუთუბი უმთავრესი პლატფორმაა, სადაც ვიდეოების ატვირთვით ბევრმა, მანამდე უცნობმა ადამიანმა, სახელის მოხვეჭა მოახერხა. ზოგი არხი სერიოზული თემატიკით პოზიციონირდება, პოპულარულია შემეცნებითი, ანალიტიკური, „რჩევების მომცემი“ ვიდეოები, ზოგი კი გართობაზე და იუმორზე აკეთებს აქცენტს.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი არხი EmiliTV-ია, რომელზეც შვილის – ემილის ვიდეოებს მამა, არხის დამფუძნებელი, ლევან ალიმბარაშვილი ტვირთავს. ის AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროფესია იუთუბერობა საქართველოში ჯერ მთლად ფესვგადგმული არ არის, ვინაიდან ამ რესურსს კომპანიები ჯერ არ იყენებენ.
„იუთუბის სფეროში დიდი მოლოდინები არ უნდა გქონდეს, აქ წარმატების მიღწევის რეცეპტები არ არსებობს. ბაზარს წინასწარ ვერც მოიკვლევ, არსებობს ტენდენციები, რა არის მოთხოვნადი, თუმცა, ინდივიდუალურია, რას მიაწვდი მომხმარებელს, შეიძლება, სულ სხვა რამ გააკეთო და ის გახდეს წარმატებული. პროცესში განვითარების შემდეგ შეგიძლია უფრო კონკრეტულად გაიგო, რა მიმართულებით შეიძლება, უფრო განვითარდე. მთავარია, აკეთო ის, რაც მოგწონს და ამაში მთელი შენი ძალები ჩადო, თუმცა არც ესაა 100%-იანი გარანტია.
ვფიქრობ, იუთუბერობა არანაკლები შრომაა, ვიდრე ის, რომ ადამიანი სამსახურში დადის და მუშაობს. ბავშვის მხრიდან ეს უფრო გართობაა და არა – დატვირთვა. მე უკვე რამდენიმე წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული და ალბათ, უკვე პროფესია გამოდის. შემოსავალს რაც შეეხება, არის, მაგრამ რთულია, ადამიანი აქედან მიღებულ შემოსავალს დაეყრდნოს. საზღვარგარეთ უფრო მეტი მაყურებელიცაა და რეკლამებიც სხვა თანხები ღირს, შესაბამისად, შემოსავალი იქ ბევრჯერ – 4-5-ჯერ მეტია. უცხოეთში თავად კომპანიები ხვდებიან, რა ძალა აქვს იუთუბს, რამდენი მომხმარებელი ჰყავს, საქართველოში ჯერჯერობით ამ მხრივ არ აქტიურობენ. კრეატივის გარდა, ბიუჯეტი ყოველთვის საჭიროა და მის გარეშე ხარისხიან, ტელევიზიის დონის ვიდეოს ვერ დადებ. სწორედ თანხების ნაკლებობის გამო უჭირთ ქართველ იუთუბერებს განვითარება. ალბათ, დრო არის საჭირო, რომ საქართველოში ეს სფერო მოძლიერდეს“, – აღნიშნავს EmiliTV-ის დამფუძნებელი.
3) სოციალური მედია მენეჯერი
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის, ნინო ჯინჯოლავას თქმით, სოციალური მედია მენეჯერის მოვალეობებია: კომპანიის ან ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების გვერდების მართვა, ინფორმაციის განახლება, შესაბამისი მარკეტინგ ინსტრუმენტების ხმარება და სოციალური პლატფორმის გამოყენება ბაზარზე კომპანიის სწორად პოზიციონირებისა და წინ წაწევისთვის. მისივე თქმით, სოციალური მედია აბსოლუტურად ადაპტირებულია ქართული ბაზრის მოთხოვნებზე.
სოციალური მედია მენეჯმენტი, როგორც ამას თავად სოციალური მედიის მენეჯერი, თამო მაღრაძე განმარტავს, იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯმენტია, უბრალოდ, ინტერნეტ-სივრცეში. მაღრაძე ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდისთვის მუშაობს და ამბობს, რომ უმთავრესი მონდომება და განვითარებაა.
„მარტომ, ინტერნეტის დახმარებით მოვახერხე განვითარებადა დღეს სოციალური მედიის გამოცდილი მენეჯერი ვარ. მოგებაზე არ მიფიქრია, მხოლოდ მიხაროდა, რომ ეს სფერო ჩემს პროფესიასთან – პიართან ახლოს იყო. სოციალური მედიის მენეჯმენტს საქართველოში საკმაოდ განვითარებულად ვთვლი, ამ სპეციალობით დასაქმებული ახალგაზრდები უჭკვიანესები და ძალიან ნიჭიერები არიან. უბრალოდ, ბევრი კომპანია სოციალური მედია მენეჯმენტის საჭიროებას ვერ ხედავს. რა არის ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი? მე ყველაზე მეტად ჩემს სამსახურში იმის გამო დამაფასეს, რომ ჩემი გვერდები საკუთარი შვილებივით შევიყვარე, ეს უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ასევე, მენეჯერი ძალიან მონდომებული უნდა იყოს, რომ განვითარდეს, განვითარება კი მთავარია“, – აღნიშნავს სოციალური მედიის მენეჯერი.
4) რეკრუტერი
ნინო ჯინჯოლავა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ პროფესიას, რეკრუტერს ცალკე გამოჰყოფს. რეკრუტერი, ანუ დამქირავებელი ის სპეციალისტია, რომელიც კომპანიასა თუ ორგანიზაციაში კადრების აყვანაზეა პასუხისმგებელი. ის არჩევს ამა თუ იმ ვაკანსიასთან დაკავშირებით სამსახურში შესულ რეზუმეებს, ატარებს გასაუბრებებს, ირჩევს თავისუფალი პოზიციებისთვის შესაბამის კანდიდატებს.
„ადამიანური რესურსების მენეჯერი ადრე თუ ყველა HR ფუნქციას აერთიანებდა, დღეს HR-ის მოვალეობების ფუნქციურად დაყოფა გახდა ტრენდული, რაც დიდი ხანია, საერთაშორისო ტენდენციაა. რეკრუტერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა და საქართველოშიც სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ვიმედოვნებ, მომავალში IT რეკტურეტერების, ტექ-რეკრუტერების მომსახურება მაქსიმალურად „ონლაინ“ გახდება, უფრო ციფრულთან გვექნება საქმე და ინფორმაციის მიმოცვლა უფრო მოქნილი იქნება. ამის საშუალებას დღევანდელი სამყარო იძლევა, რაც უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ადამიანური რესურსი არ დავკარგოთ და გვახსოვდეს, რომ ყველაფრის ამოსავალი ისევ და ისევ ადამიანია”, – აცხადებს ნინო ჯინჯოლავა.
5) სახლში მიტანის სერვისი
ბოლო წლებში საქართველოში სახლში მიტანის სერვისი გაძლიერდა, რის შედეგადაც ქუჩებში კურიერები საკმაოდ მომრავლდნენ. ამა თუ იმ აპლიკაციის მეშვეობით გამოძახებული საკვები თუ სხვა პროდუქტი მომხმარებლის სახლში, ყველაზე მეტი, რამდენიმე საათში ჩნდება. სახლში მიტანის სერვისში საქმიანობა ერთ-ერთი ახალი პროფესიაა, რომლის აქტუალობაც, როგორც ჯინჯოლავა ამბობს, ისევ და ისევ კომფორტისა და ყველაფრის მაქსიმალურად გამარტივების სურვილთანაა დაკავშირებული.
„ინტერნეტ-ერამ მოიტანა საჭიროება, რაც შეიძლება მარტივი გახდეს ყველაფერი, დავზოგოთ დრო. ვიტყოდი, რომ 21-ე საუკუნეში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რესურსი დროა და ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რათა მინიმალურ დროში მაქსიმუმის გაკეთება მოახერხოს. დღეს ერთდროულად ძალიან ბევრი რამის კეთების შესაძლებლობა გვაქვს, კურიერული მომსახურება კი ახალი პროფესიაა, რაც ცხოვრების გამარტივების საშუალებას იძლევა“, – აღნიშნავს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.
ჩამოთვლილი 5 სპეციალობის გარდა ახალ პროფესიებში მოიაზრება შემდეგიც: ბლოგერობა, ქოფირაითერობა, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტობა, ბრენდ-მენეჯმენტი, „Life Couch“-ობა. HR-ის სპეციალისტის თქმით, თუ დავაკვირდებით, ახალი პროფესიები ჩვენს რეალობაში უცხოური სახელწოდებითვე შემოდის, რის შეცვლაზეც შესაძლოა, მომავალში თავად ერთ-ერთი ახალი პროფესიის წარმომადგენლებმა – ქოფირაითერებმა იზრუნონ.
წყარო: AMBEBI.GE