პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ოთხ ადამიანს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატურამ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარეს თ.მ.-ს და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ყოფილ უფროს სპეციალისტს, სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს რ.ვ.-ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორმა ო.ბ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიღების მიზნით, დაამზადა შესრულებული სამუშაოების მიღების ყალბი აქტები, რომელთა სინამდვილეც დადასტურებული იყო სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველის რ.ვ.-ს ხელმოწერით, ექსპერტის ბ.მ.-ს მიერ გაცემული ყალბი ექსპერტიზის დასკვნებით და სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარის თ.მ.-ს მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების ყალბი აქტებით. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შპს ,,მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. უსაფუძვლოდ, მოტყუებით დაეუფლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 82 439 ლარს.

ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბ.მ.-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.მ.-ს და რ.ვ.-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარედგინათ.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

“იმედინიუსი”