პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის შეფასებით, “მთავარი არხის” დამფუძნებლის გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება, ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას გაამწვავებს. მისივე თქმით, გიორგი რურუა უდანაშაულოა და ის პოლიტიკური პატიმარია.
“ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. გიორგი რურუა არის უდანაშაულო და სახელმწიფო, რომელმაც შექმნა საქმე მის წინააღმდეგ, რეალურად არის დამნაშავე.
უკანასკნელ დღეებში ჩვენ ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, სადაც საუბარია, რომ უნდა შეწყდეს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიზნით გამოყენება.
გიორგი რურუას უსამართლოდ ციხეში დატოვება დღეს, რა თქმა უნდა, გაამწვავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და არ შექმნის იმ გარემოს, რომელიც ჩვენ გვჭირდება არჩევნებისთვის,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
“კურიერი”