თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან, რომელიც საცურაოდ განსაკუთრებით საშიშ ზონებს შორის მოიაზრება, გამაფრთხილებელი ბანერები დამონტაჟდა.
3 ბანერი, წარწერით “ცურვა აკრძალულია”, კომპანია GWP-ს ეკუთვნის.
ბანერების ფოტოები სოციალურ ქსელში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა გაავრცელა, რომელიც ამავე ტერიტორიაზე 2017 წელს დაღუპული მოზარდის, ცოტნე ცქიტიშვილის მამაა და ინციდენტიდან მოყოლებული, დღემდე, ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვდა.
“სამწლიანი ბრძოლა დასჭირდა აქ ამ სამი ბანერის გაკეთებას!” – წერს ის.
როგორც “ნეტგაზეთს” კომპანია GWP-ში განუცხადეს, “კეთილი ნება გამოიჩინეს” და ბანერები ადგილზე გასული კვირის შაბათს განათავსეს, მას შემდეგ, რაც ამავე ტერიტორიაზე იქამდე არსებული ამკრძალავი ნიშნები ქარმა დააზიანა.
თბილისის ზღვაზე 21 ივლისს ორი მოზარდი დაიხრჩო. მანამდე, 2015 წლიდან მოყოლებული, თბილისში მოქმედი აქტივისტების ინფორმაციით, ზღვაზე მომხდარი ინციდენტების შედეგად 30-მდე ადამიანი, მათ შორის, 10 მოზარდი დაიღუპა. გარდაცვალების შემთხვევების არსებული სტატისტიკის მიუხედავად, წლების განმავლობაში უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აქტივისტების თანახმად, მხოლოდ მინიმალური პრევენციული ზომებია მიღებული.
აქტივისტები წლების მანძილზე პასუხისმგებელი პირებისაგან ითხოვდნენ ადგილზე უსაფრთხოების ზომების მიღებას. 2017 წლის დეკემბერში ორმა დაზარალებულმა – 2016 წელს ამავე ტერიტორიაზე დაღუპული 14 წლის ნოდარ შამათავასა და ცოტნე ცქიტიშვილის ოჯახებმა – ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის – GWP-ის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს.
თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება და 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა დაევალა, რათა მასზე გადასვლა მოქალაქეებმა ვეღარ შეძლონ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.