ტბა, კუნძული, ველობილიკები – თბილისის ზღვაზე დენდროლოგიური პარკის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

ტბა, კუნძული, ველობილიკები – თბილისის ზღვაზე დენდროლოგიური პარკის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისში, დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 830 508 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თბილისის დენდროლოგიური პარკი მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარკის საერთო ფართობი შეადგენს 163 ჰა-ს, აქედან ტყით დაფარულია 93,3 ჰა.

„პარკი რეკრეაციული თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის. ხე-მცენარეთა სახეობების შერჩევისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტი და კლიმატი. პარკი დენდროლოგიური თავლსაზრისით მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს, დაირგოს მცენარეთა დეკორატიული სახეობები, შეიქმნას დენდროლოგიური ზონები, ტოპიარიული ბაღები; პროექტირებისას უნდა შეირჩეს ისეთი გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს არსებულ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-ზრდას; პარკში უნდა შეიქმნას ბილიკების ქსელი, ენერგო-დამზოგველი განათება (განათების პროექტი ასევე უნდა შეთანხმდეს შპს სინათლის ქალაქთან), განლაგდეს სკამები და ურნები ვიზიტორებისთვის; პარკში კომფორტული და უსაფრთხო უნდა იყოს გადაადგილება და სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; პარკის გარკვეულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ბალახის საფარი, უნდა შემუშავდეს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სარწყავი სისტემის პროექტი;

საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები; პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იქნას დაცვის ჯიხურები; უნდა მოეწოს პარკინგი; კვლევის ეტაპზე შესწავლილი იქნას ველობილიკის ქსელის მოწყობის შესაძლებლობა და დაიგეგმოს შესაბამისი სამუშაოები; უნდა აღდგეს არსებული ტბა და კუნძული და მოეწყოს მასზე შესაბამისი გადასასვლელი,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

წყარო: bpn.ge