ჩვენი ხელისუფლებისთვის დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა ყველაზე დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოგვეცა საშუალება მიგვეღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, მასშტაბური მშენებლობების წარმატებით დასრულებიდან გამომდინარე – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც დევნილი ოჯახებისთვის ბინების ნაწილის მშენებლობა დასრულდა.
ბინები სულ ათასამდე ოჯახს გადაეცემა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამეგრელოს რეგიონში, ყველაზე მძიმე – მე-3 მე-4 ხარისხის ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის გაგვეცხადებინა, რომ ეს ობიექტები სრულად დაიცლება. პირველად ამ ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მათ ჰქონდათ გაუსაძლისი პირობები, მათ შეუძლიათ დაიწყონ ახალი ცხოვრება საუკეთესო პირობებში, რომელიც შეეფერება ნებისმიერი ქართველი მოქალაქის საცხოვრებელ პირობებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიზრუნებთ მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე და ამისათვის არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ. დევნილ მოსახლეობას ვპირდები, რომ ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახამდე მივაღწიოთ და გავაუმჯობესოთ მათი პირობები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
“იმედინიუსი”