კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას მოადგილემ ვასილ ლილუაშვილმა სამწლიანი სასჯელი მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ვასილ ლილუაშვილს დაწესებულებასთან ოჯახის წევრები დახვდნენ. მან მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
„მე წუთიდან წუთამდე მოვიხადე მოსჯილი სასჯელი. ჩემი მომავალი გეგმები იქნება ჩემი ოჯახი და ხალხი, ვისაც მოვენატრე და ვინც მომენატრა. სხვა არაფერი გეგმა არ მაქვს“ – განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად კანონიერად იჯდა ციხეში, ლილუაშვილმა აღნიშნა: „ზოგი კანონიერად, ზოგი უკანონოდ“.
ვასილ ლილუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა 2011-2012 წლებში უკანონოდ კომპიუტერული ვირუსის შექმნის ორგანიზებაში, პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების უკანონო მოსმენების განხორციელებაში. ასევე საქართველოს საბაჟო ტერმინალში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ აპარატურისა და „ქართუ“ ჯგუფის ტვირთების დაზიანების ორგანიზებაში.
წყარო: exclusivenews.ge