დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“30 ივლისს, არა რადაში, არა ეროვნული რეფორმების აღმასკომის ოფისში, არამედ ტელეარხ „უკრაინა 24“-ის პირდაპირ ეთერში, შედგა იმ რეფორმების პაკეტის მიმოხილვა, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ ეღირსა საკანონმდებლო ორგანოში მოსმენების დონეზე მაინც პირველადი განხილვა. და ეს განხილვა, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ერთსაათიანი ტელეპრეზენტაციის შემდგომ, უკვე იმდენად პრობლემატურად მეჩვენება, რამდენადაც რადას დეპუტატთა უმრავლესობა, იმ დეპუტატთა – რომლებმაც საბოლოო ჯამში, კენჭი უნდა უყარონ მის რეფორმებს, სააკაშვილმა მოსყიდულებად და მექრთამეებად საჯაროდ გამოაცხადა.
ერთსაათიანი ტელეეთერის დროს, მაყურებელმა გაიგო, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიღწევები – პანდემიასთან გამკვლავების კუთხით, სწორედ მისი, სააკაშვილის დამსახურებაა. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, გრძნობდა რა, რომ მსოფლიოს ეს უბედურება ოდესღაც გადაუვლიდა, მან ქვეყანაში ისედი სამედიცინო სისტემა ჩამოუყალიბა – რომელიც მართალია, რომ დასავლეთში მოღვაწე მისი მომხრე-ექიმების მიერ უკიდურესი კრიტიკის ქარცეცხლში იქნა გატარებული, მაგრამ სააკაშვილი ამ სისტემით დღემდე ამაყობს. განსხვავებით უკრაინული მედიცინისაგან, რომელმაც სააკაშვილის აღიარებით, ვერ მოახერხა მისი რამოდენიმე უახლოესი ადამიანის ამ ვირუსისაგან დაცვა. მან არ დაასახელა ამ მეგობრების ვინაობა, მაგრამ ესენია – დათო საყვარელიძე (ორმხრივი მწვავე პნევმონიით კვირაზე მეტია კიევის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული), აღმასკომში სააკაშვილის მოადგილე ალექსანდრე ოლშანსკი (22 ივლისს ტესტმა დადებითი შედეგი გამოავლინა) და სააკაშვილის პირადი მზარეული ალეკო ბაინდურაშვილი, რომელსაც ეს უბედურება 27 ივლისს დაუდასტურდა. ტელეეთერის დროს, თავად სააკაშვილიც არ ტოვებდა მთლად ჯანმრთელი ადამიანის შთაბეჭდილებას – თუმცა ჩვენ მას და მის უახლოეს გარემოცვას განოჯანრთელებას ვუსურვებთ.
სააკაშვილი ირიბად შეეხო უკრაინაში მოახლოვებულ (სექტემბერში) ადგილობრივ არჩევნებში თავისი შესაძლო მონაწილეობის თემასაც – ოდესის მერობის კანდიდატად წარდგენა არ გამორიცხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე ქალაქის ამჟამინდელ ადმინისტრაციას დაიჭერდნენ, ხოლო არ ისაუბრა იმაზე, რომ კულუარულად ისედაც აპირებს კიევის არჩევნებში მოქმედი მერის კლიჩკოს მხარდაჭერას. სააკაშვილმა იმდენად ღიად გაავლო წეთილი ხაზები საკუთარ მოღვაწეობასა და რადას მოქმედ „დამნაშავე“ დეპუტატებს შორის, რომ არ გამოვრიცხავ – თავისი ძალისხმევა არ მოაკლოს რადას ვადამდელი არჩევნების თემის ინიციირებასაც.
მაგრამ ყველაზე ძალიან, მის გამოსვლაში მომეწონა აღიარება – რომ დღევანდელ საქართველოშიც კი (ნუ, მის დროს ხომ – „საერთოდ არ იყო“) კორუფცია არ არსებობს, და თუ სადმე რამე გამოვლინდა, ისიც ცალკეულ შემთხვევებში და გამონაკლისის სახით. შეგახსენებთ რომ ამერიკელ კონგრესმენთა აშკარად და მერამდენედ შეცდომაში შეყვანილი ერთი პატარა ჯგუფი, სახელმწიფო მდივნის სახელზე თავის წერილში, ძირითად მწუხარებას ზუსტად რომ „საქართველოში არსებულ დემოკრატიული მმართველობის პრობლემებზე და კორუფციაზე“ ამახვილებენ. ასე რომ, ნაცმოძრაობის „ბრაჰმანსა“ და მის „ქშატრიებს“ შორის ჩვენებებში აშკარა შეუსაბამობაა და იმედია – „ჩვენებებში შეუსაბამობების სპეციალისტების“ მანტია-მორგებული მედიაპროკურორები ამ ხარვეზებსაც გამოასწორებენ.
ეს იყო და ეს – “30 ივლისი“ მაინც შედგა, მართალია მხოლოდ პოპულისტურ ფორმატში. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ, უკრაინელ მაყურებელზე და თავის ქართველ პარტიულ ადეპტებზე ზეგავლენა/ზემოქმედებას (ამ უკანასკნელებს იგი კვლავ შეპირდა – ბიძინა ივანიშვილის გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხებას), გამოგიტყდებით, რომ დღემდე დიდად ვაფასებ ვლადიმერ ლენინისა და ადოლფ გიტლერის ორატორულ ნიჭს (მხოლოდ ამას!) – ამ კუთხით კი, სააკაშვილის შესაძლებლობებიც უსაზღვროა.”
წყარო: exclusivenews.ge