აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ჩვენ 360 ოჯახს გადავცემთ ბინას, ხოლო წლის ბოლომდე 1000-მდე დევნილი ოჯახის განსახლებას ვგეგმავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ეფექტური ღონისძიებების გატარების შედეგად შეეცდება, რაც შეიძლება მეტ დევნილ მოსახლეს შეუმსუბუქოს ის პირობები, რომელშიც აქამდე უწევთ ცხოვრება.
„რაც შეეხება დღევანდელ პრეზენტაციას, რაც სამეგრელოს რეგიონში დევნილი მოსახლეობის განსახლებისას გაიმართა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მათ შორის, რაც დღემდე განხორციელებულა. ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რის ფარგლებში უმოკლეს ვადაში შესაძლებელი გახდება სამეგრელოს ტერიტორიაზე მესამე, მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტების სრული დახურვა. აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ჩვენ 360 ოჯახს გადავცემთ ბინას, ხოლო წლის ბოლომდე 1000-მდე დევნილი ოჯახის განსახლებას ვგეგმავთ. ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას, ვინაიდან მრავალი წლის განმვლობაში ისინი ცხოვრობენ მძიმე პირობებში. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბიუჯეტში გვქონოდა მობილიზებული საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა, რომლის რაციონალურად და ეფექტურად დახარჯვის შემთხვევაში, ჩვენ დევნილი მოსახლეობისთვის დახმარების მეტი შესაძლებლობა გვაქვს. წელს გამოყოფილია დამატებით 20 მილიონი და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად ეფექტური ღონისძიებების გატარების შედეგად, რაც შეიძლება მეტ დევნილ მოსახლეს შევუმსუბუქოთ ის პირობები, რომელშიც აქამდე უწევთ ცხოვრება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიმართა.
„ახლა ანაკლიაში ვიმყოფები, ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ რამდენიმე კილომეტრში და მინდა მივმართო ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და კიდევ ერთხელ დავუდასტურო მათ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ამ რთულ, პანდემიის პერიოდში მზადაა ყველაფერი გააკეთოს მათ დასახმარებლად და არა მხოლოდ ახლა, სამომავლოდაც საქრთველოს ჯანდაცვის სისტემა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს როგორც ჩვენი დევნილი მოსახლეობის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი პიროებები შევქმნათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
“იმედი”