კელი დეგნანი: საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან

კელი დეგნანმა ამერიკელი კონგრესმენების წერილის შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ განმარტა ამერიკის სახელისუფლებო სტრუქტურა და აღნიშნა, რომ კონგრესი საკანონმდებლო შტოს წარმოადგენს და მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მათი ქმედებების შესახებ კომენტარის გაკეთება მართებული არ არის.

ამასთან, დეგნანმა განცხადა, რომ საქართველო კონგრესმენების გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგეს, რადგან ისინი ქვეყნის წარმატებაზე ზრუნავენ.

„მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ და სერიოზულად მივუდგეთ კონგრესიდან წამოსულ წერილებს, რადგან ეს ის ხალხია, ვინც წლებია, აკვირდება საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე. რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას, მქონდა ურთიერთობა მმართველო პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა სახელმწიფოს წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში ხელი შეუწყონ“, – განაცხადა დეგნანმა.

ექვსი კონგრესმენი ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოს შესახებ წერილს უგზავნის. მასში საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და წინასაარჩევნო პროცესებზე. წერილი რამდენიმე პუნქტისგან შედგება, ერთ-ერთ პუნქტში კი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობა ამოიკითხეს.

“იმედი”