ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი ორი მუხლით წარედგინა

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის წაუყენა.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა”.-წერია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციამ ბრალდებული 29 ივლისს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც დამტკიცების შემთხვევაში 7 -დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციითვე, სასამართლოს აღკვეთის  ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით დღეს, 30 ივნისს, მიმართეს.

“ნეტგაზეთი”