აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი კევინ მაკკარტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეთავაზებას არჩევნების გადადადებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან.
ორივე “რესპუბლიკელი” კონგრესმენი აცხადებს, აშშ-ის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნების გადადების პრეცედენტი არასდროს ყოფილა.
„არასდროს ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა, რომ ფედერალური არჩევნები დაგეგმილ დროს არ ჩაგვეტარებინა. 3 ნოემბრის არჩევნების ჩასატარებლადაც მოვძებნით გზას,” – განაცხადა მიჩ მაკკონელმა.
იგივე განცხადება გააკეთა კევინ მაკკარტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ფედერალური არჩევნების ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ არჩევნები გადაედოთ.“
აღსანიშნავია, რომ არჩევნების გადადების იდეას არც ტრამპის მეგობარი, სენატორი ლინდსი გრეჰემი ეთანხმება და აცხადებს, რომ გადადება „კარგი იდეა არაა.“
BBC-ი წერს, რომ კანონმდებლობის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს არჩევნების გადადების უფლება არ აქვს და შესამაბისი გადაწყვეტილება ქვეყნის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა. „ფოსტის საშუალებით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება. გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?” – განაცხადა ტრამპმა.
“აიპიენი”