ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები/მოთხოვნები იმ ბენზინგასამართი სადგურების მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლების გაჩერება.
უწყების რეკომენდაციის თანახმად, სადგურებზე მომსახურებისას სავალდებულო იქნება ხელთათმანების, პირბადის გამოყენება. ამასთან, უპირატესი იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, ასევე აკრძალული იქნება საშხაპეების გამოყენება. ამასთან, მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების შემდეგ, ობიექტზე დეზინფექციის ჩატარებასაც. კერძოდ, მოთხოვნები იმ ბენზინგასამართი სადგურების მიმართ, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლების გაჩერება, ასე გამოიყურება:
- ვირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლების საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ მძღოლებთან ურთიერთობა მოხდეს უკონტაქტოდ ისე, რომ მძღოლი არ ჩამოვიდეს სატვირთო მანქანიდან;
- აუცილებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლი უფლებამოსილია ავტომობილიდან გადმოსვლისას აღიჭურვოს პირბადითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;
- ყოველი მძღოლის მომსახურების შემდგომ მოხდეს ბენზინგასამართი სადგურის პერიმეტრზე განთავსებული ბანკომატების, მაღაზიების და სხვა მომსახურების სერვისებისთვის განკუთვნილი სივრცეების, აპარატების დასუფთავება/დეზინფექცია შესაბამისი წესით;
- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული საშხაპეების გამოყენება აკრძალულია;
- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას. მომსახურების გაწევისას, პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. მომსახურების დასრულებისთანავე, პერსონალი ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად, მოიხსნას პირბადე და ხელთათმანი, რომელიც უნდა განათავსოს ნარჩენებისთვის განკუთვნილ დახურულ კონტეინერში, ხოლო ხელის დეზინფექცია ჩაიტაროს არანაკლებ 70% სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით.
“bpn”