პაატა იმნაძე: გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდეს

გარკვეული მედიასაშუალებები უკვე მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ მოსახლეობას არ სჯეროდეს კორონავირუსის არსებობის, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილზე, სამწუხაროდ, ეს პროპაგანდა მუშაობს და შემდეგ ეს იწვევს სწორედ იმას, რომ, გამოკვლევებისას, მოსახლეობის ნაწილის დამყოლობა არაა საკმარისი. შესაბამისად, გვიწევს ხოლმე, რომ მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება ვურჩიოთ მთავრობას. სამწუხაროდ, საინფორმაციო გარემო წალეკილია არასწორი ინფორმაციით. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ამაზე მთელი ტროლების ფაბრიკები მუშაობს – არა მარტო რუსული ან სხვა, არამედ, აქაც, საქართველოშიც“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

“იმედი”