არ მჯერა მათი გაერთიანების, ეს ყალბი და ხელოვნური გაერთიანებები სინამდვილეში არ არის გაერთიანებები – ალეკო ელისაშვილი “ძალა ერთობაშიას” გაერთიანებაზე.
პოლიტიკური მოძრაობა “მოქალაქეების” თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს ისე პოლიტიკური გაერთიანებების, როგორიც არის “ძალა ერთობაშია”, არ სჯერა. ამის შესახებ მან “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი გაერთიანებები, რომლის მთავარი პრინციპიც “ერთის წინააღმდეგ” ბრძოლაა, ყალბი და ხელოვნურია.
“ღამის კურიერის” ეთერში ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და “ოცნების” ჩამოშორება უმნიშვნელოვანესია, თუმცა მთავარია რა მოხდება შემდგომ. მისივე განცხადებით, სწორედ შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრი და ზრუნვაა მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკური გაერთიანება “მოქალაქეებისთვის”.
“არ მჯერა მათი გაერთიანების. არც კონკურენციის გვეშინია, არც ბრძოლის, გინდა დაგვიყენონ, გინდა ნუ დაგვიყენებენ. ჩვენ ჩვენი გეზი და ხედვა გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს ყალბი და ხელოვნური გაერთიანებები, სინამდვილეში სულაც არ არის გაერთიანებები. არც ის მომწონს, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ მოდი ახლა გავერთიანდეთ, დავამხოთ.
ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანება კი არ სჭირდება ამ ქვეყანას, ამ ქვეყანას სჭირდება მომავლისთვის და წინსვლისთვის გაერთიანება. ხო, ჩამოვაგდოთ ბიძინა ივანიშვილი და რა, ავყვავდებით მერე? კი, გასაშვებია ხელისუფლებიდან, უმნიშვნელოვანესია ივანიშვილის და “ოცნების” ჩამოშორება იმიტომ, რომ ჭაობად იქცა აქაურობა, მაგრამ მერე რა, რომ ჩამოვაგდებთ, რა მოხდება? აი რა მოხდებაზე ვფიქრობთ ჩვენ, რომ ეს ქვეყანა როგორ წავიყვანთ წინ და როგორ მოხდეს ბოლოს და ბოლოს, რომ ამ ქვეყანაში მოვახერხოთ ღირსეული ცხოვრება,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
“კურიერი”