სალომე ზურაბიშვილი: გიორგი რურუას არ შევიწყალებ, ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის “მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას არ შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ზურაბიშვილი: გიორგი რურუას არ შევიწყალებ, ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მის გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

„დღეს ბევრი კითხვა ისმის ჩემი მიმართებით ერთ თემაზე და მინდა, რომ აქ გავცე პასუხი და არა ქუჩაში, როგორც ჩვევიათ. სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები, ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი, ეს ადამიანები იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები, შევიწყალე როგორც ჩვევა არის, დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. თუმცა, ეს ურთულესი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან სტაბილურობიდან გამომდინარე მივიღე. ჩავთვალე, მე პირადად, რომ ეს ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებებს გზას გაუხსნიდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, ანუ, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება. დღეს, მე ამას არ გავიმეორებ.

ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“აიპიენი”