ინტერნეტ-გამოცემა “NowLiveNews“ (NLN) კომენტარი მიუძღვნა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეს და ქართველ ექსპერტზე, დავით ფურცხვანიძეზე დაყრდნობით, მასალა მოამზადა:
სურათზე: აბრაამ რეიხბახი.
საქართველოში მორიგი გახმაურებული მკვლელობა მოხდა. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი პროგრამისტის ოჯახი ეჭვობს, რომ იგი მოკლეს და სიკვდილის ისტორია, შეიძლება, უკავშირდებოდეს მის სამსახურსა და საქმიანობას.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ცოცხალი ბოლოს 18 ივლისს ნახეს. და გაუჩინარებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს – 22 ივლისს, მარნეული-თეთრიწყაროს გზის მიმდებარედ, საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე (მანქანა დაკეტილი, ხოლო გასაღები დასაქოქ ბუდეში იყო მოთავსებული) იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი (თბილისიდან დაახლოებით 60 კმ-ში).
თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში – Facebook და LinkedIn – ში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თსუ-ში კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლის შემდეგ, მან განათლება საფრანგეთში მიიღო, სადაც ასევე ინფორმატიკასა და კიბერნეტიკას სწავლობდა.
თამარ ბაჩალიაშვილი PHP დეველოპერი იყო და აპლიკაციებისა და ვებგვერდების შექმნაზე მუშაობდა პროგრამირების სპეციალური PHP სკრიპტის გამოყენებით.
NLN-ის რედაქციისათვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ZAG Ltd, საქართველოშია დარეგისტრირებული 2015 წელს საიდენტიფიკაციო ნომრით – 405130914. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია ეკუთვნის აშშ-ის მოქალაქე აბრაამ რეიხბახს (Abraham Reikhbakh). ამერიკელი ანალიტიკოსის – კრისტინა პაშოუს (Christina Pushaw) კერძო გამოძიების მონაცემთა თანახმად, რეიხბახი კომპანია ZAG-ის დამფუძნებელია, რომელიც 2013 წელსაა დარეგისტრირებული აშშ-ში, და ასევე 34 სხვადასხვა კომპანიისა მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში, რომელთაგან 30 აქტიურია, ხოლო მათი საქმიანობის სფერო სრულიად გაუგებარი, და შეიძლება ითქვას სპეციალურად შენიღბულია. ასევე იგი აღნიშნავს, რომ ZAG-ის საქმიანობა საქართველოში მჭიდროდაა დაკავშირებული მოქმედი ხელისუფლების რამოდენიმე მაღალჩინოსანთან.
ZAG-ის გარდა, თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა კომპანიაში «SPRYFLASH», რომელიც ავსტრიაშია დარეგისტრირებული და 50-მდე თანამშრომელი ჰყავს.
22 ივლისს, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების დადასტურებამდე რამოდენიმე საათით ადრე, ZAG Ltd-ს დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბაჩალიაშვილმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის თაობაზეც კომპანიას გასულ კვირას აცნობა. მისივე თქმით, ეს მას არ გაჰკვირვებია, რადგან „გასული წლის მანძილზე თამარს რამდენიმეჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ მისთვის რთული იყო სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა“. კითხვაზე – შესაძლოა თუ არა ბაჩალიაშვილის გარდაცვალება რაიმენაირად უკავშირდებოდეს მის საქმიანობას კომპანია ZAG-ში – რეიხბახმა უპასუხა, რომ სრული 100%-ით გამორიცხავს ასეთ რამეს.
როგორც დირექტორმა განაცხადა, ZAG Ltd არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია, საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს და დასაქმებული ჰყავს 50-მდე თანამშრომელი. „ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები“ – განაცხადა რეიხბახმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე და არც ინფორმაციას ავრცელებს. უცნობია, თუ რა მუხლით არის გამოძიება დაწყებული გარდაცვალების ფაქტზე.
ამ უცნაური და ჩახლართული საქმის თაობაზე კომენტარისათვის NLN-ის კორესპონდენტმა მიმართა ცნობილ ქართველ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ანალიტიკური სააგენტო „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელს ბ-ნ დავით ფურცხვანიძეს:
„აღნიშნული საქმის გამოძიების მსვლელობაში ბევრი ხლართია და თავს და ბოლოს ასე მარტივად ვერ გაიგებ. მაგალითად, გარდაცვლილის მამის თქმით, ერთ-ერთმა გამომძიებელმა მას უთხრა, რომ თამარის კომპიუტერი გაიხსნა და როგორც აღმოჩნდა მას „ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა“, თუმცა სხვა გამომძიებელმა მასვე უთხრა, რომ კომპიუტერი საერთოდ არ გაუხსნიათ (!). სხვათაშორის, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამარის პროფილი Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ გაუქმდა, თუმცა უცნობია, ვის მიერ.
საქართველოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა თუ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიები, ვარიანტები და ვარაუდები განიხილება, რეიხბახის კომპანიის მეშვეობით სოლიდური თანხების „გათეთრებით“ დაწყებული, სხვადასხვა ქვეყნების, და პირველ რიგში აშშ-სა და რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული ინტერესების რეალიზაციით დამთავრებული. ჩვენი სააგენტო დაინტერესდა მოცემული საქმით და უკვე დავიწყეთ საკუთარი გამოძიება“ – განაცხადა დასასრულს დავით ფურცხვანიძემ.
კავკასიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მსოფლიო საზოგადოებრიობის მზარდი ყურადღების გათვალისწინებით, ჩვენმა ახალი ამბების სააგენტომ სთხოვა ბ-ნ დავით ფურცხვანიძეს და მის ორგანიზაციას, ჩაატაროს ამ კერძო ტრაგიკული შემთხვევის უფრო სიღრმისეული გამოძიება, რომლის მიღმაც, შესაძლოა დიდი გეოპოლიტიკური თამაში იმალებოდეს, და ექსკლუზიურად გაუზიაროს NLN-ს აღნიშნული გამოძიების შედეგები. ჩვენი სააგენტო მზადაა სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ქართველ კოლეგებს ამ საქმეში. – აღნიშნავს გამოცემა“NowLiveNews“ (NLN) .