„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.
ორგანიზაციამ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა, ანგარიში კი დღეს წარმოადგინა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, დეპუტატების უმრავლესობა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებია, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები არიან.
„მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)”, – აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება 2019 წლის განმავლობაში ჩართულობის კუთხით პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია რატი იონათამიშვილი.
„პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილეა საპარლამენტო უმრავლესობიდან – ანრი ოხანაშვილი, პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობის გარეთ არსებული ფრაქციებიდან (ოპოზიცია) – ეკა ბესელია, ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი- სერგი კაპანაძე, ყველაზე აქტიური კომიტეტი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი“, – ნათქვამია კვლევაში.
ipn.ge