რა იქნება თხილის ჩაბარების ფასი – კომპანიები პროდუქტის შესყიდვას ერთ კვირაში დაიწყებენ

დასავლეთ საქართველოში კომპანიები თხილის შესყიდვას ერთ კვირაში დაიწყებენ. როგორც კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსში” აცხადებენ, წელს თხილის ხარისხი კარგია, მოსავალიც დიდი რაოდენობით მოვიდა, შესაბამისად, ერთი კილოგრამის ფასი საშუალოდ 2,5-3 ლარი იქნება.

სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანია წლის განმავლობაში საშუალოდ 2-2,5 ათას ტონა თხილს ამუშავებს. სეზონზე კომპანიაში 80 ადამიანია დასაქმებული, არასეზონზე კი 30.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის” დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე აცხადებს, კომპანია თხილის ჩაბარებას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

„პირველადი მონაცემებით, წელს მოსავალი არის კარგი ხარისხის. მცირე დაზიანებები აქვს, მაგრამ ეს გადარჩევადია და საერთო ხარისხზე ვერ აისახება. მოსავლის რაოდენობაც არის საკმაოდ კარგი. ეს არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოშიც. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ფასი და არც საერთაშორისო საექსპორტო ფასი მაღალი არ არის და ჯერჯერობით არ იქნება. გარჩეული თხილის საექსპორტო ფასი საშუალოდ, 5,5-6 დოლარია, საქართველოში ჩაბარების ფასი კი საშუალოდ, 2,5 ლარი. თავიდან იყო 3 ლარი, მაგრამ ახლა შემცირდა.

საერთოდ, თხილის ბაზარზე ფასები ძალიან ცვალებადია, ის არ არის დამოკიდებული ქართულ სამომხმარებლო და შემსყიდველ ბაზარზე. დამოკიდებულია თურქეთის ფასზე, ამიტომ, შესაძლებელია, ოქტომბრიდან მოიმატოს ფასმა, მაგრამ ამას ახლა ვერ გათვლი“, – განაცხადა ბაია სალუქვაძემ.

წყარო: bpn.ge