1927 წლის ზამთარში, რუსეთში, ჩრდილოეთ დვინის გუბერნიის სოფელ პენომასთან აეროსტატი დაეშვა.
იქიდან დიდი გაჭირვებით გადმოვიდა აერნაოსანი, პირველ ქოხამდე მიაღწია და ძალა გამოლეული თოვლზე მუხლებით დაეშვა. მაშინვე ღრმად ჩაეძინა. ამ სანახაობით გაოცებულმა ადამიანებმა რაიონულ ცენტრს სიტყვა სიტყვით ასე შეატყობინეს: „ციდან დაეშვა ანტიქრისტე, თავიდან ფეხამდე შავია.
ის „შავი კაცი“, სოფლელებს ანგელოზები რომ დაუფრთხო, ჩვენი თანამემამულე, ვლადიმერ გარაყანიძე გახლდათ – საჰაერო ბურთის პირველი ჰაერნაოსანი, რეკორდსმენი და ავიაკონსტრუქტორი.
ძმები მონგოლფიების ბურთებით ზეცაში პირველად ფრანგები აიჭრნენ, 1783 წელს. მას შემდეგ კაცობრიობას 200 წელზე მეტი დასჭირდა, რათა ადამიანს საჰაერო ბურთით, ძირს დაუშვებლად დედამიწისთვის შემოევლო. ეს მოხდა 1999 წელს, როცა შვეიცარიელმა ფსიქიატრმა, ბერტრან პიკარმა და ბრიტანელმა სამხედრო მფრინავმა, ბრაიან ჯოუნზმა მოგზაურობა წარმატებით დაასრულეს.
ვიდრე ვლადიმერ გარაყანიძე პენომელებს შეაშინებდა, 15 საათზე მეტი იფრინა, რაც მცირეგებრიტიანი აეროსტატით ფრენის ხანგრძლივობაში მსოფლიოს რეკორდი იყო.
გარაყანიძემ ეს ოდისეა მოსკოვში დაიწყო, 1926 წელს, მის მიერვე შექმნილი ჰაერნაოსნობის სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხომალდით. ის აეროსტატი რა თქმა უნდა, ისეთი სულაც არ იყო, როგორიც დღეს გახლავთ, მაგრამ გარაყანიძემ ისეთი კონსტრუქცია შექმნა, რომელიც სრულიად გაიზიარა მსოფლიო საზოგადოებამ.
მაშინ კლასიკური ნიმუშების შესაბამის ბურთს თოკის ბადეში აქცევდნენ, მაგრამ ეს აეროსტატს ამძიმებდა და აწევის ძალას ამცირებდა. გარაყანიძის კონსტრუქციით კი ბურთს ყულფიანი სარტყელი შემოავლეს და ზედ გონდოლა დაკიდეს. თუმცა, ამ საცდელი გაფრენისას გარაყანიძემ გონდოლაზე უარი თქვა, რადგან ბურთი პატარა, სულ 300 კუბური მეტრი იყო და ჰაერნაოსანთან ერთად გონდოლის თრევა გაუჭირდებოდა. ამიტომ გარაყანიძის მითითებით, ბურთზე გონდოლის ნაცვლად დაფა დაკიდეს, რომელზეც ჰაერნაოსანი უნდა დამდგარიყო.
ფრენის მარშრუტი დაგეგმილი იყო – მოსკოვი – ლენინსკიე გორკი, სადაც საავიაციო დღესასწაული იმართებოდა. გარაყანიძე იქ მოსკოვიდან ზეიმის დასასრულისთვის უნდა დაშვებულიყო. მის აეროსტატს „მხტუნავი ბურთი“ ერქვა.
გარაყანიძე აფრინდა და გაფრინდა, მაგრამ ცოტა ხანში ქარმა სხვა მიმართულებით წაიღო. შეეძლო, დედამიწაზე დაშვებულიყო, მაგრამ უკომპასოდ, ურუკოდ, უალტიმეტროდ, შინელში თავჩარგულმა, 36-გრადუსიან ყინვაში უგზოუკვლოდ ფრენა ამჯობინა და იფრინა კიდეც, ფიცარზე ჩამომჯდარმა და აეროსტატის თოკზე ჩაბღაუჭებულმა.
საჰაერო ბურთით პირველად 1924 წელს აფრინდა. სწორედ მაშინ საავიაციო აკადემიაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცაში არ უშვებდნენ – რადგან სამხედრო არა ხარ, ფრენის უფლებაც არა გაქვსო. ერთხელ, როცა აეროსტატი ასაფრენად მზად იყო, გარაყანიძემ მის გონდოლაში დურთა თავი, ვითომ შესამოწმებლად და „შემთხვევით“ ცაში აიჭრა. ცოტა ხანში კი დედაქალაქს უდეპეშა, ყველაფერი კარგადააო.
თავნებობისთვის გარაყანიძე სასტიკი საყვედურით დასაჯეს. პირველი გაფრენიდან ცოტა ხანში მან კოტელნიკოვის პარაშუტი გამოსცადა. აეროსტატის დაფაზე მდგომი, 1000 მეტრამდე ადიოდა ცაში, იქიდან პარაშუტზე გამობმულ გონდოლას აგდებდა, თავად კი ჰაერში დაკიდებული, მოქანავე დაფაზე რჩებოდა.
გარაყანიძე იმ თვითმფრინავის პირველი პილოტი იყო, რომლიც დიდ აეროდინამიკურ მილში გამოსცადეს. მან ოზეროვთან ერთად იფრინა და მეცნიერული დაკვირვებები აწარმოა, მზის დაბნელებისას ჰაერის მასების მოძრაობაზე.
1927 წელს, როდესაც გარაყანიძე ცენტრალურ ავიაჰიდროინსტიტუტში გადავიდა სამუშაოდ, მის მიერ შექმნილი პროექტით დამზადებულ, ნახევრად ხისტი ტიპის დირიჟაბლებითაც დაიწყო ფრენა. 1932 წელს, მის მიერ შექმნილი უნიკალური დირიჟაბლით ცაში აიჭრა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან გამოთქვა იდეა, შეიმუშავა პროექტი, უხელმძღვანელა მშენებლობას, თავადვე აფრინდა თავისი ნახელავით და ფრენასაც თავად უმეთაურა.
გარაყანიძე იყო მსოფლიოში პირველი, ვინც დირიჟაბლი წყალზე დასვა. მგზავრებიც გადმოსვა, ტვირთი აიღო და კვლავ ცაში აიჭრა. 1933 წელს აშენდა პირველი სტრატოსტატი – „სსრკ“, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა 19 კილომეტრზე აფრინდა, იქიდან კი მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩამოიტანა სტრატოსფეროსა და კოსმოსური სხივების მეცნიერული კვლევისთვის.
ამ და სხვა დამსახურებისთვის გარაყანიძე წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოეს, მაგრამ როგორც ბევრ საქმეში და ბევრი პიროვნების მიმართ, საბჭოთა მთავრობამ გარაყანიძის მიმართაც უმადუროობა გამოიჩინა – მას წოდება ჩამოართვეს, არმიიდან გააძევეს და მოსკოვიდანაც გაასახლეს.
ეს ყველაფერი მოჰყვა სტრატოსტატ „სსრკ-2“-ს. მისი სტარტის დღეს სქელი ნისლი ჩამოწვა, სტრატოსტატის გარსი დანესტიანდა და დამძიმდა. გარაყანიძემ მისი აფრენის ბრძანება არ გასცა. ამის გამო ის სტრატოსტატის მეთაურობას ჩამოაშორეს და სხვა დანიშნეს. რა თქმა უნდა, სტრატოსტატი არ აფრინდა და ესეც მას დაბრალდა.
ვლადიმერ გარაყანიძე გარდაიცვალა 1971 წლის მარტში, 71 წლისა. მას მოსკოვის ოლქის ჟუკოვსკის სასაფლაოზე ცენტრალური ავიაჰიდროინსტიტუტის მუშებმა თავიანთი ხარჯით გრანიტის ძეგლი დაუდგეს და ზედ რუსულ-ქართული წარწერაც გაუკეთეს.
“პრაიმტაიმი”