ვანო მერაბიშვილი – არ ვიქნები პარლამენტის წევრი და არ დავიკავებ თანამდებობას მომავალ მთავრობაში – ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში

არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც მერაბიშვილი აღნიშნავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

„ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა, არამედ, გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.

დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.

განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის”, – წერს მერაბიშვილი.

“აიპიენი”