დონალდ ტრამპი – მუდმივი კარანტინი არ არის გზა, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მუდმივი კარანტინი არ არის გზა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს სასურველ შედეგამდე მიიყვანს. მისივე თქმით, ეს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყანას.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები იმატებს. ეს არის ძალიან საშიში, უჩინარი მტერი. კარანტინი ინფექციის პრევენციას არ ახდენს. ვირუსი ბრუნდება. კარანტინის მიზანი არის დროის მოგება, რათა საავადმყოფოების შესაძლებლობები გაიზარდოს, რათა ჩვენ მეტი გავიგოთ დაავადების შესახებ და შევქმნათ ეფექტური წამლები, როგორც ეს აშშ-ში გავაკეთეთ. ჩვენ წინ მივიწევთ ვაქცინისა და თერაპიის შექმნის გზაზე. ვაქცინა გვექნება წლის ბოლოს, შესაძლოა, უფრო ადრეც. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ეფექტურ და იმედისმომცემ ვაქცინებს, რათა მათი დამტკიცების შემდეგ სწრაფად დავიწყოთ მოქალაქეების ვაქცინაცია. ჩვენი სამხედროები ამისთვის მზად არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენის მომხრეა. ამასთან ერთად, ტრამპმა მოუწოდა ამერიკელებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, დაიბანონ ხელები და ატარონ პირბადე.

“1 არხი”