აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით არქეოლოგიური ექსპედიცია პეტრას ციხეზე განახლდა. სამუშაოები ციხის ტერიტორიაზე ორ უბანზე მიმდინარეობს – ციხის ჩრდილოეთ და დასავლეთ მონაკვეთში.
„ბოლო წლებში სააგენტოს დაფინანსებით წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა და 95 ვერცხლის მონეტა“,-აცხადებენ სააგენტოში. არქეოლოგიური შესწავლის პარალელურად, სააგენტო ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს. გასულ წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა პეტრას ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებს და დერეფნის უბანს.
2018 წელს დასრულდა პეტრას ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები. გასულ წელს კი დაიწყო ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობა. სამუშაოები, რომლის ბიუჯეტი 2,220,000 ლარია, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.
“სპუტნიკი”