საქმიანობის უფლება 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზს მიეცა

3 აგვისტოს მდგომარეობით, საქმიანობის უფლება 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზს მიეცა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, გრძელდება ობიექტების შემოწმება კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რაც მათთვის საქმიანობის უფლების მინიჭების წინაპირობაა.

„284 ფიტნეს ცენტრია შემოწმებული, რომელთაგან მოთხოვნები 159-მა დააკმაყოფილა, ასევე შემოწმდა 125 აუზი და მოთხოვნები 82-მა დააკმაყოფილა“, – აცხადებს ბექა ფერაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება სავალდებულოა.

რაც შეეხება აუზებს, რეკომენდაციების თანახმად, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.

 

“ინტერპრესნიუსი”