თეა წულუკიანი: ჩვენი ვალია გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ

დაბა გომის მთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის მოსამზადებელ სამუშაოებს თეა წულუკიანი გაეცნო. იუსტიციის მინისტრმა დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გომის მთის მცხოვრებლებს პირადად გააცნო.

 

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომის მთაზე, რათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სისტემაში მოვიყვანოთ აქაური მესაკუთრის უფლებები. ჩვენი ვალია, რომ ყოველგვარი სტერეოტიპებისა და წინასწარ შემუშავებული აზრის გარეშე მოვუსმინოთ მათ, მოვემსახუროთ უფასოდ და გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად, სულ 7 მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია განსაზღვრული, სადაც მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაა, რათა ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.

“იმედი”