„ტურისტულ ადგილებში რესტორნების 100% დახურულია, დანარჩენი კი ნახევარი დატვირთვით მუშაობს“

ტურისტულ ადგილებში რესტორნების 100% დახურულია, დანარჩენი კი ნახევარი დატვირთვით მუშაობს, ანუ ისინი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაზეა გათვლილი – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძე განუცხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო სარესტორნო ბიზნესი თითქმის 3 თვე გაჩერებული იყო. ღია ტიპის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან გაიხსნა, ოდნავ მოგვიანებით კი ყველა სხვა დაწესებულება.

როგორც კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, ამ დროისთვის კვების ობიექტების ნაწილი კვლავ დაკეტილია, ნაწილი კი ნახევარი დატვირთვით მუშაობს.

„სარესტორნო ბიზნესისთვის ძალიან რთული მდგომარებაა. არ გვყავს უცხოელი ტურისტები, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შემცირებულია, რაც საბოლოოდ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე. ტურისტულ ადგილებში კაფე-რესტორნების 100% დახურულია, ქართველ მომხმარებელზე გათვლილი დაწესებულებები კი ნახევარი დატვირთვით მუშაობენ. ხალხი ვირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია და ცდილობს, ფული დაზოგოს.

ასეთ ვითარებაში, მუშაობა ძალიან ჭირს. უკვე დავიწყეთ დღგ-ს გადახდა, მალე საშემოსავლოს გადახდაც მოგვიწევს, ამ დროს კი შემოსავალი არ არის, არ ვიცი, რა იქნება. ერთადერთი, მნიშვნელოვანი შეღავათი იყო ბანკების მიერ სესხების გადავადება, რომელიც ჩვენს სექტორს 6 თვე შეეხო“, – განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

წყარო: bpn.ge