ეუთო-ოდირის მისიის წარმომადგენლები პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან. როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, ყველა იმ საკითხზე ისაუბრებენ, რაც მისიის წარმომადგენლების ინტერესის საგანი იქნება. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი, რათა არჩევნები გამჭვირვალედ წარიმართოს.
„ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიან და მაღალი დემოკრატიის პირობებში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისეთთან როგორიც არის ეუთო ოდირი, მათ წარმომადგენლებთან.
ჩვენ მათ მივაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, რომელიც არის მათი ინტერესის საგანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზებთ მათ, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი საქართველოში. სწორედ ჩვენი გუნდისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმ მაღალი რეიტინგის პირობებში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან ძალიან ბინძური კამპანია აწარმოონ და შესაბამისად ჩვენ ამისთვის გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ჩვენმა პარტნიორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და რაც მთავარია ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს თუ როგორი იქნება განსხვავება „ქართული ოცნების“ კამპანიასა და დესტრუქციულ ოპოზიციური ჯგუფების მიერ წარმოქმნილ კამპანიას შორის“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისი წარმომადგენლები გუშინ უკვე შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ირაკლი კობახიძეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სხვადახვა უწყებასთან შეხვედრა.
“იმედინიუსი”