ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 4 000-ზე მეტი,- ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში შენახვა მიუღებელია.

პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.

“აიპიენი”