ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 4 731 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, საიდანაც 6 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ლილოს ბაზრობაზე ტესტირება ჩაუტარდა ყველას, ვინც ამ ეტაპზე მუშაობდა იმიტომ, რომ ზოგიერთმა მათგანმა დაკეტა სავაჭრო ობიექტები. გამოკვლეულთაგან 6 ინფიცირებული პირველ ორ დღეში გამოვლინდა, შემდეგ აღარ გვქონია ინფიცირების შემთხვევები. 6 დაინფიცირებულის კონტაქტები ანუ ლილოს ბაზრობასთან კვეთა ვისაც ჰქონდა, ასეთი სულ არის 13 ადამიანი. ეს იყო ერთი ოჯახი, რომელიც უკავშირდება მე-16 გარდაცვლილს და ამ ოჯახურ კლასტერს ჰქონდა ლილოს ბაზრობასთან კავშირი. ამის გარდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირება ჩავატარეთ დინამოს და ელიავას ბაზრობებზე, სადაც 500-500 ადამიანის გამოკვლევა დაიგეგმა. დინამოს ბაზრობაზე შერჩეული 500 ადამიანიდან 487 გამოვიკვლიეთ და არც ერთი არ იყო დადებითი შემთხვევა. ელიავას ბაზრობაზე გამოვიკვლიეთ 436 ადამიანი და აქ პირველი ორი დღის შედეგები იყო უარყოფითი და მესამე დღის შედეგები იქნება დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბაზრობაც ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით კეთილსაიმედო იქნება“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა..
“იმედინიუსი”