სხვა თუ აპირებს პრემიერობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს

სხვა თუ აპირებს პრემიერ-მინისტრობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს, რა არის მთავარი მიზანი, ამიტომ დაველოდოთ, მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც ვიხილოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

ვაშაძის თქმით, მათ აქვთ ქვეყნის განვითარების კონკრეტული სტრატეგია და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, რაც მათ გამარჯვებას მოაპოვებინებს.

„მე ვაპირებ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას კონკრეტული მიზნით, რომ არცერთი მშიერი ადამიანი არ იყოს ქვეყანაში და ადამიანებს ნაგავსაყრელზე არ უწევდეთ საკვების ძიება. ამისათვის მაქვს კონკრეტული სტრატეგია, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც არის ქვეყნის განვითარების გეგმა და გვაქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. სხვა თუ აპირებს, რა თქმა უნდა, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს რატომ, რისთვის, რა არის მთავარი მიზანი. ამიტომ დაველოდოთ, მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას, რადგან ჩვენსკენ არის სიმართლე, ჩვენ გვაწუხებს ხალხის პრობლემა, გაჭირვება, რომელიც საზოგადოებას აქვს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ მის მიმართ მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროს გახშირებულ კრიტიკაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ნაკლებად აინტერესებს, ვინ რას იტყვის მასზე.

„მთავარი პრობლემა არის ხალხის გაჭირვება და მე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ადამიანი ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გამოვიდეთ გაჭირვებიდან, ვესაუბრები ხალხს. არ ვპასუხობ არაფერს იმიტომ, რომ ვფიქრობ ეს არის აბსურდი და არასწორი ერთმანეთზე თავდასხმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

“ინტერპრესნიუსი”